აქტუალური
"მწვანე ალტერნატივა": შეიძლება პრობლემები შეგვექმნას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

wto2საქართველოს შეიძლება პრობლემები შეექმნას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო). როგორც გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსო–ს წევრობის ერთ–ერთი პირობაა ქვეყნის მიერთება ბაზელის კონვენციაზე და მისი პირობების დაცვა, რაც ეხება საშიშ ნარჩენებს, აგრეთვე, იმ კონვენციას, რომელიც ეხება განადგურების პირას მყოფ სახეობებს.

 

"გარემოს დაცვის სამინისტრო ბოლომდე მხოლოდ იმიტომ ვერ გააუქმეს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს ვერაფერი მოუხერხეს, მაგრამ მისი რეორგანიზაციის პროექტში არ არის განსაზღვრული, ვის გამგებლობაში გადავა ამ კონვენციების დაცვა და შესრულების რეგულაცია. არადა, ამ ორი კონვენციის შესრულებაა გადამწყვეტი იმაში, დარჩება თუ არა საქართველო შეღავათიან რეჟიმში", – განმარტავს მაჭარაშვილი.

მისი აზრით, წარმოდგენილი სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ შესაბამისი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო საქართველოს მოეხსნას მსო–ს წევრის სტატუსი.