საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. სამხედრო მოსამსახურეები შეურაცხმყოფელი რეალობის წინაშე დავდექით, არ დავუშვებთ, ქართული ჯარი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ გენერალმა გიორგი სურმავამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან მიმართა თანამებრძოლებს, არავის მისცენ შეიარაღებულ ძალებში დაპირისპირების გაღვივების უფლება.
„ბოლო დღეების განმავლობაში დავდექით სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეურაცხმყოფელი რეალობის წინაშე. რიგი პოლიტიკური ძალების მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზებისა და მიმდინარე პროცესებში ჩართვის მცდელობა. ჩვენ, ქართველი სამხედროები, ვეტერანები, ოფიცრები, ჩვენი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში – აფხაზეთში, სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში, ქვეყანას საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდით, არ დავუშვებთ, რომ ქართული ჯარი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
ჩვენო თანამებრძოლებო, ნურავის მისცემთ თქვენი სამხედრო მუნდირის, დაღუპული გმირების ხსოვნის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საშუალებას. ნურავის მისცემთ შეიარაღებულ ძალებში დაპირისპირების გაღვივების უფლებას.
ქართული ჯარი ყოველთვის ემსახურებოდა სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესებს. ქართული შეიარაღებული ძალები არა რომელიმე პოლიტიკური ძალის სამსახურში, არამედ ქვეყნის სადარაჯოზე დგას და ყოველთვის ასე დარჩება“, – განაცხადა გიორგი სურმავამ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე აცხადებს, რომ ამ განცხადებით გენერალ დევი ჭანკოტაძეს გამოეხმაურნენ.
„დღევანდელი განცხადება მოჰყვა იმ ქმედებებს, რაც ჩვენ დავინახეთ ბოლო დღეებში. კერძოდ, გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომელიც პირდაპირ იყო მოწოდება პოლიტიკურ პროცესებში ძალისმიერ ჩარევაზე. ამას ჩვენ, სამხედროები, ვეტერანები, გენერლები ვემიჯნებით და მიგვაჩნია, რომ ადამიანმა თავისი პოლიტიკური ნება უნდა გამოხატოს საარჩევნო უბანში“, – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს არმიის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის გენერალ ჭანკოტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სააკაშვილის პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად და მმართველი პარტიის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მოჰყვა რიგი იდენტური განცხადებები საქართველოს სამხედრო ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან. უფრო მეტიც - როგორც გუშინ იუწყებოდა საქინფორმი, ზურაბიშვილის და მისი ოჯახის მისამართით ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისაგან მუქარის შემცველი მესიჯები მოვიდა, მათ შორის ღიად, სოციალურ ქსელში, ხოლო სააკაშვილის პარტია ენმ-მ არმიის მოქმედ პირად შემადგენლობაში ძირგამომთხრელი პროპაგანდა დაიწყო - ვითომდა, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის მეშვეობით აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო, ამიტომ პროცესი სტრასბურგის სასამართლოში წაგებული იქნება და ყველა სამხედრო მოსამსახურე - საომარი მოქმედების მონაწილე პასუხისგებაში იქნება მიცემული უკვე ჰააგის ტრიბუნალში.
მაგრამ განხეთქილების მიზეზი ქართულ არმიაში, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი არ ერეოდა პოლიტიკურ მოვლენებში, მხოლოდ ის კი არ არის, რომ ქართული არმიიდან ხელაღებით დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი უკრაინაში „ქართულ ლეგიონში“ და სხვადასხვა „ცხელ წერტილში“ დაქირავებულ მებრძოლებად გაემგზავრა, სადაც კარგად უხდიდნენ, რათა ოჯახები ერჩინათ. დღეს ისინი მზად არიან, იარაღი აიღონ ხელში სააკაშვილის დასაბრუნებლად საქართველოში, ხელისუფლებაში. ისინი უარყოფითად არიან განწყობილი იმ სამხედროების წინააღმდეგ, ვინც დღეს მსახურობს ნატოს მისიაში ავღანეთში და სტაბილურად იღებს წოდებებს, ხელფასს და სხვადასხვა სიკეთეს. საქმე არც ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოში გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ჭანკოტაძე და მისი პოლკოვნიკები 90-იან წლებში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც და ამიტომ ქართული არმიის სათავეებთან მდგარი გენერლები - ყარყარაშვილი, ჭუმბურიძე, თევზაძე, ნიკოლაიშვილი და სხვები მათ წინააღმდეგ ღიად არ გამოვლენ, სააკაშვილის მიერ განადგურებული ბევრი გმირის - პოლკოვნიკების, საომარი მოქმედების ვეტერანების წკრიალაშვილის, თეთრაძის და სხვათა მიუხედავად.
საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა თავდაცვის მინისტრად არასამთავრობოელი-რესპუბლიკელი, პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი დანიშნა, მაგრამ მერე პირდაპირი შეურაცხყოფა მიაყენა არმიელებს, როცა ხიდაშელის შემდეგ თავდაცვის მინისტრად პოლიციელი დანიშნა - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, რომელიც დღემდე მინისტრია და სამხედრო საქმეში ხიდაშელზე უკეთ ნამდვილად ვერ ერკვევა.