პოლიტიკა
აშშ-ის შეიარაღებული ძალები თბილისის მახლობლად - ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო აეროდრომს ააშენებენ, რაც ძნელი არ იქნება

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ვაზიანში სამხედრო აეროდრომი აშენდება - ამ ინიციატივის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურმა გენერალმა სტივენ ლაიენსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრისას ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო აეროდრომის მშენებლობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წარდგენილი ინიციატივის - ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბრის ძირითად თემას აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი ამბიციური პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაც წარმოადგენდა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაური საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

საქინფორმი მკითხველებს შეახსენებს, რომ დაბა ვაზიანის ტერიტორიაზე თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში ადრე კომპაქტურად იყო განლაგებული ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ნაწილები, საწყობები და სამხედრო აეროდრომი. შემდეგ ტერიტორია ქართულ არმიას გადმოეცა და ამჟამად იქ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა მდებარეობს, რომელზეც ყველა საერთაშორისო, ნატოსთან და აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო სწავლება ტარდება. საქინფორმი ვარაუდობს, რომ ვაზიანში სამხედრო აეროდრომის ხელახლა მოწყობა ამერიკელ სამხედროებს არ გაუჭირდებათ, თუ გავითვალისწინებთ შენარჩუნებულ მიწისქვეშა ანგარებსა და საწყობებს, რომლებიც გორაკებშია დამალული, აგრეთვე ბეტონის ფილებით ფუნდამენტურად აგებულ ასაფრენ-დასაჯდომ ბილიკს.