საზოგადოება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. გასული კვირის ბოლოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა და ლარის კურსი დასტაბილურდა, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2,71ლარი გახდა.

საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც მოკლევადიან პერიოდში მერყეობა ახასიათებს, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რა ხდება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ინფლაციის დონე და ეკონომიკური ზრდა.

ამ ეტაპზე ზრდა არის კარგი და პროგნოზებიც საკმაოდ კარგია. ინფლაციაც დაბალია. ზოგადად, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორი, ვიდრე გაცვლითი კურსი“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციას, გვენეტაძის თქმით, ამის მიზანი სავალუტო რეზერვების შევსებაა. რაც შეეხება ინტერვენციას, ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია. მე თავადაც განმიცხადებია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე და ამიტომ, როდესაც ბაზარი საშუალებას მოგვცემს, ყოველთვის შევისყიდით უცხოურ ვალუტას, რათა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შევავსოთ. რეზერვების გასაზრდელად მომავალშიც იქნება ასეთი ინტერვენციები“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.