სამართალი
აზერბაიჯანმა საქართველოს ტონობით დაავადებული კარტოფილი უკან დაუბრუნა

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანმა საქართველოდან იმპორტირებული 26 ათასი კილოგრამი კარტოფილი უკან დააბრუნა, რადგან ის ღეროვანი ნემატოდით დაავადებული აღმოჩნდა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი" სასურსათო უვნებლობის სააგენტოს პრესმდივნის მანსურ პირიევის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კარტოფილის ღეროვანი ნემატოდა – ესაა მრგვალი ჭიების მრავალრიცხოვან წარმომადგენელთა შორის ერთ-ერთი, რომელიც, როგორც წესი, აზიანებს მცენარის, განსაკუთრებით, კარტოფილის ნიადაგში მყოფ ნაწილს.

მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის პარტიას საქართველოდან ჰქონდა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, აზერბაიჯანულმა მხარემ მაინც აიღო კარტოფილის სინჯები ლაბორატორიული გამოკვლევისთვის. შემოწმებამ აჩვენა, რომ იმპორტირებული პროდუქცია დაავადებულია.

კარტოფილის საქართველოში უკან დაბრუნების გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ფიტოსანიტარიული კონტროლის შესახებ" კანონის შესაბამისად მიიღეს და ამით თავიდან აირიდეს ინფიცირებული მცენარისა და პროდუქციის ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება.