პოლიტიკა
ბერა ივანიშვილი და მისი საცოლე ნანუკა გუდავაძე ჯვრისწერის წინ ილია მეორემ დალოცა (ვიდეო)

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. „ამ ფოტოებით მინდა გაგიზიაროთ ის წრფელი გრძნობები, რომელიც განვიცადეთ მისი უწმინდესობის დალოცვის დროს ჩემი და ნანუკას ჯვრისწერის წინ“, - წერს ბიძინა ივანიშვილის შვილი თავის ფეისბუქგვერდზე. აუდიენციას ბერას და ნანუკას მშობლებიც ესწრებოდნენ (ვიდეო იხ. აქ). სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს ოჯახის ბედნიერება უსურვა და ახლად დაქორწინებულები დალოცა. ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ოჯახის დალოცვისთვის და ბერას ცხოვრების ახალ ეტაპზე ღირსეული ოჯახის შექმნა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა უსურვა.

ილია მეორე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებით დაინტერესდა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მაღალია ქვეყნის დემოკრატიულობა. მისივე თქმით, ხალხი განსაზღვრავს, ვინ უნდა აირჩიოს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები კვლავაც ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ.

„ამ არჩევნებით ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად, ქვეყნის დემოკრატიულობა. ხალხმა აირჩია ხელისუფლება, ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს, ვინ უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებენ. თუმცა, კითხვები ბევრია, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ოქტომბერში დაინიშნენ.

საქინფორმი