საზოგადოება
ქართველი ოპოზიციონერები დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს შეხვდნენ

saparlamento_umciresobaდიდი ბრიტანეთის პარლამენტის, საპარლამენტთაშორისო კავშირის ჯგუფის წევრებმა დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებისგან მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში დემოკრატიული, ეკონომიკური, საკონსტიტუციო, სოციალური მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

ქართველმა კანონმდებლებმა მნიშვნელოვანი უწოდეს კოლეგების საქართველოში ვიზიტს და განაცხადეს, რომ ბრიტანეთი, როგორც გაეროს უშიშროების წევრი, მკაცრ და მყარ პოზიციას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

"შეხვედრაზე ვისაუბრეთ 2012-13 წლების არჩევნებზე. ვეცადეთ, აგვეხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ბრიტანელი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ელიტის ინსტიტუტების თვალი იყოს აქტიური საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ გარდაქმნებთან მიმართებაში. სწორედ ახლა გვჭირდება მათი ყურადღება, რათა სამართლიანი არჩევნებისთვის ნიადაგი მომზადდეს. ეს მნიშვნელოვანია დღეს, რომ ხვალ მივიღოთ კარგი შედეგი", - განუცხადა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ქართველმა დეპუტატებმა კოლეგებს თხოვნით მიმართეს, რათა გავლენა მოახდინონ თავიანთ მთავრობაზე და საბიუჯეტო ცვლილებებით გამოწვეული შემცირებული დაფინანსება სასწავლო პროგრამებისთვის კვლავ გაიზარდოს, რათა ქართველ ახალგაზრდობას ბრიტანულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საშუალება კვლავ მიეცეს.

სამდღიანი ვიზიტით მყოფი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტთაშორისო კავშირის ჯგუფის წევრები 23 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდებიან, საქართველოს კი 24 თებერვალს დატოვებენ.