საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე ჰელსინკიში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა და მასთან არჩევნების მეორე ტურზე იმსჯელა (ვიდეო იხ. აქ).
ფინეთის დედაქალაქში 7-8 ნოემბერს ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის – ევროპის სახალხო პარტიის სამიტი მიმდინარეობდა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის, ევროკომისიის უმაღლესი თანამდებობების პირები, ევროპის ქვეყნების მთავრობების მეთაურები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2008 წლიდან ევროპის სახალხო პარტიის წევრია.
„ჰელსინკიში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე გერმანიის კანცლერს, ქალბატონ ანგელა მერკელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებზე ვესაუბრე, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში", – დაწერა ვაშაძემ თავის Facebook-გვერდზე.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვაშაძესთან ერთად გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს.
„საუბრის პირველი ნახევარი იყო პირველ ტურზე. რა პირობებში ჩაიარა პირველმა ტურმა, როგორ გამოიყურებოდა მთლიანად ეს პროცესი, როგორ დაითვალა და რა ციფრები იყო გამოცხადებული შემდეგ უკვე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ამ ციფრებს ითვლიდნენ. მეორე ნაწილი ჩვენი საუბრის იყო სწორედ მეორე ტურზე. რა მოლოდინები გვაქვს, რა საფრთხეები არის და რატომ დღემდე არ არის დანიშნული მეორე ტურის თარიღი", – განუცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ს.
ვაშაძემ არჩევნების საკითხი განიხილა ასევე ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.
„ევროკავშირისთვის ცხადია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე", – დაწერა ჰანმა Twitter-ის საკუთარ აკაუნტში.
სამიტის ფარგლებში ვაშაძე ასევე შეხვდა მიხეილ სააკაშვილს. მოგვიანებით მან ამის თაობაზე დაწერა, რომ „კარგი შეხვედრა" იყო.
საქინფორმი.