პოლიტიკა
პიტერ სემნების აზრი საქართველოში მოვლენების განვითარების შესახებ

semneby_peter5-წლიანი მუშაობის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს – პიტერ სემნების მანდატი ეწურება. სემნების უფლებამოსილება 28 თებერვალს მოეხსნება.

სამუშაო მანდატის ამოწურვამდე ევროკავშირის წარმომადგენელმა თბილისში გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჟურნალისტებთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ხუთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

როგორც ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, ბოლო წლებში გამოვლილი მძიმე პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, საქართველომ ჯანსაღ მდგომარეობაში დაბრუნება შეძლო.

"ნებისმიერი არჩევნები ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში და ამ მიმართელებით ჯერ კიდევ არის რეზერვები. ის მოლაპარაკებები კი, რომლებიც მიმდინარეობს ოპოზიციასთან, მისასალმებელია", – აღნიშნა მან.

"ბოლო ხუთი წელი საქართველოსთვის რთულიც იყო და შედეგიანიც. ყველაზე რთული აგვისტოს ომი და შიდა პოლიტიკური პროცესები იყო, რომლებიც 2007-2009 წლებში მოხდა. მაგრამ დღეს საქართველო უფრო ჯანსაღ მდგომარეობაშია. ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობის ახალი ეტაპი, მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ”, – აცხადებს პიტერ სემნები. ამასთან, იმასაც დასძენს, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის „გადამწყვეტი მნიშვნელობის” იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არჩევნებამდე წინასწარ შეთანხმდეს, რათა ის თავად საარჩევნო კამპანიის ნაწილი არ გახდეს. საქართველოს ესაჭიროება პარტიებს შორის პოლიტიკური კონკურენციის მკაფიო და სტაბილური თამაშის წესების ჩამოყალიბება,“ – განაცხადა მან.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ეს შვედი დიპლომატის ბოლო ვიზიტი იყო საქართველოში (ეს პოსტი მას 2006 წლიდან უკავია). თუმცა ამ პოსტის ბედი კვლავ გაურკვეველია, რადგანაც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების მანდატი ევროკავშირის ახალ დიპლომატიურ სტრუქტურაში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განსაზღვრული.

სემნებიმ, რომლის ამ პოსტზე საქმიანობაც საქართველოს რამდენიმე შიდა პოლიტიკურ კრიზისს და აგვისტოს ომს დაემთხვა, განაცხადა, რომ საქართველოსთვის ეს „ძალიან რთული პერიოდი“ იყო.

„მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველო ახლა უკეთესი ადგილია ბევრი მიზეზის გამო, ვიდრე ის ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის დროს (2006 წელს) იყო და ამას, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ახალმა ეტაპმა, რომელზეც ჩვენ გადავედით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში, ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების სახით... დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო სერიოზულად მიუდგება ამ მოლაპარაკებებს (ასოცირებულ შეთანხმებაზე) და ისეთი გულისყურით მოეკიდება მათ, როგორც ამას ეს მოლაპარაკებები იმსახურებს, ვინაიდან სწორედ ევროკავშირთან ახლო ურთიერთობით შეუძლია საქართველოს, მოიპოვოს ის საუკეთესო გარანტიები, რაც მის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას სჭირდება,“ – განაცხადა მან.

სემნებიმ, რომელმაც რამდენიმეჯერ ფასილიტატორის როლი შეასრულა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2007-2009 წლების შიდა პოლიტიკური დაძაბულობის დროს განაცხადა, რომ ამ მოვლენებმა „საბოლოო ჯამში ზოგადად პოლიტიკურ დისკურსზე ჯანსაღი ზეგავლენა მოახდინა“. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველო წარმატებით გაუმკლავდა იმდროინდელ რთულ პოლიტიკურ ვითარებას, საქართველოში ვითარება უფრო ”ჯანსაღი” გახდა.

 

მმართველი პარტიის დომინანტური როლი

სემნები ამბობს, რომ მმართველი პარტიის დომინანტური როლი ხელისუფლებას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

„საჭიროა, რომ ამჟამინდელმა მმართველმა პარტიამ გაითვალისწინოს, თუ როგორ და რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება ის იმ ჭარბ დომინანტურ როლს, რომელიც ახლა გააჩნია – პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა და ყველა საკრებულოს კონტროლი – რათა ალტერნატიულ პოლიტიკურ მოსაზრებებსაც მისცეს ჟანგბადი“, – განაცხადა მან.

ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში ამ კუთხით „საკმაოდ არაორდინალური სიტუაციაა“, რადგან ერთი პოლიტიკური ძალა იმყოფება „ძალიან, ძალიან, უკიდურესად ძლიერ პოზიციაში“ და „ეს პასუხისმგებლობის დიდ წილს აკისრებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ ტიპის დომინანტურ როლს თამაშობს“.

 

საქართველოს რეგიონალური როლი და რუსეთი

სემნების აზრით, ბევრ რამეში საქართველომ იმაზე მეტ პროგრესს მიაღწია ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებმა.

„მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველო მნიშვნელოვანია რეგიონალურ კონტექსტში და არა მხოლოდ როგორც ცალკე აღებული ქვეყანა, და ამიტომ საჭიროა, რომ საქართველომ რეგიონის სტაბილურობაში თავისი წვლილი შეიტანოს,“ – განაცხადა მან.

„ეს ასევე მოიცავს ურთიერთობებს რუსეთთან და ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა – საქართველოს პარტნიორებს სურვილი აქვთ და, მე ვფიქრობ, შეუძლიათ დაეხმარონ ამ საკითხში – რათა ეს ურთიერთობები გაუმჯობესდეს ისე, რომ არ მოხდეს სასიცოცხლო ინტერესებზე კომპრომისი. საჭიროა, რომ ამ ურთიერთობებში ხარისხობრივი ცვლილებები მოხდეს... რეალურად რომ ვთქვა, კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარებას დრო დასჭირდება და მანამდე აუცილებელი და მნიშვნელოვანია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და განვითარება, იმის მიუხედავად, რომ ფუნდამენტური უთანხმოებები კვლავ დარჩება,“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, ჰუმანიტარული საკითხების გარდა, არსებობს „უამრავი პრაქტიკული საკითხი“, რომელთა მოგვარებაც საჭიროა, მათ შორის – ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემები.

„თუ რუსეთსა და საქართველოს შორის, ფართო გაგებით, ურთიერთობები განვითარდება, შესაძლოა (მე ვამბობ შესაძლოა, რადგან ეს შეიძლება არც მოხდეს), ასევე გაუმჯობესდეს პირობები იმ ძალიან რთული პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს ორ ქვეყანას შორის,“ – განაცხადა მან.

 

ცხინვალთან და სოხუმთან "ჩართულობის პოლიტიკა"

სემნები, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ევროკავშირის მიდგომის შემუშავებაში, რომელიც „აღიარების გარეშე ჩართულობას“ ითვალისწინებს, აღნიშნავს, რომ ევროკავშირს „ბევრად უფრო ფართო და ბევრად უფრო ინტენსიური“ კავშირები აქვს სოხუმთან, ვიდრე ცხინვალთან.

მისი თქმით, მას დეტალური დისკუსიები ჰქონდა თბილისსა და სოხუმში იმასთან დაკავშირებით, თუ სად იყო თანამშრომლობის ყველაზე მეტი შესაძლებლობები და „მე ვიტყოდი, რომ ჯანდაცვის სფერო არის ის, რაც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა შემდგომი ჩართულობისთვის“.

სემნების აზრით, თბილისის სეპარატისტულ რეგიონებთან მიდგომის ბევრი ასპექტი ევროკავშირის მსგავსია.

„ჩვენ მივესალმეთ საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ ბევრ ინიციატივას, კერძოდ კი სამოქმედო გეგმას,“– ამის განცხადებისას მას მხედველობაში ჰქონდა დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2010 წლის ივლისში მიიღო და რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიაში დასახული მიზნების მისაღწევად საჭირო ნაბიჯებს განსაზღვრავს.

„მიგვაჩნია, რომ ის (ჩართულობის სამოქმედო გეგმა) შეიცავს ძალიან ბევრ საინტერესო განზრახვას, რაც აშკარად ემთხვევა ევროკავშირის პრიორიტეტებს და შეხედულებებს... ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული გეგმის იმ ნაწილების მხარდაჭერაში, რომლებიც შეესაბამება ჩვენს პოლიტიკას და რწმენას“, – განაცხადა მან.

მისი აზრით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები სჭირდება, რათა მხარეებს შორის ნდობა აღდგეს და რომ „ასევე საჭიროა, საქართველოს ჰქონდეს თავისი საერთაშორისო პარტნიორების ნდობა ამ ძალისხმევაში“.

კითხვაზე, თუ რატომ არიდებს ის თავს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ტერმინის – „ოკუპირებული ტერიტორიები“ გამოყენებას, სემნებიმ განაცხადა, რომ „იარლიყების მინიჭიბა აქ არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“.

„ფაქტი ისაა, რომ ჩვენ გვაქვს კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც ისე უნდა მოგვარდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონკრეტული მიზნების შესრულება. ჩვენ იმ ამოცანებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც დაგვეხმარება კონტაქტების აღდგენაში კონფრონტაციის ხაზების გასწვრივ, ჩვენ უნდა მივხედოთ ჰუმანიტარულ საკითხებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს და სექტემბრის შეთანხმებების შესრულების საკითხს,“ – განაცხადა მან.