საზოგადოება
თბილისში აქცია სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის წინააღმდეგ მცირერიცხოვანი გამოვიდა - საქინფორმი

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. რუსთაველის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებდნენ, რუსთაველის თეატრიდან ქუჩაში გადაინაცვლეს.

რუსთაველის თეატრში შეკრებილებს სიტყვით მიმართა მწერალმა დავით მაღრაძემ და მოუწოდა მათ, რომ რუსთაველის თეატრის წინ ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა და კარგი იქნება, თუ მათ შეუერთდებიან.

„შეიქმნა ასეთი ვითარება, რომ ბევრი ხალხი მოვიდა და ის ხალხიც, რომლებიც გარეთ დარჩნენ, ჩემთვის ძალიან პატივსაცემები არიან. არ იტევს რუსთაველის თეატრის დარბაზი დღეს მოსულ ხალხს, თუ თქვენი ნებაც იქნება, გავიდეთ გარეთ და შევუერთდეთ იმ ხალხს, გავაგრძელოთ ჩვენი დღევანდელი დღე გარეთ, რუსთაველის თეატრთან არსებულ ფიცარნაგზე”, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.

ხალხის სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებული იყო.

ჩემი და სხვისი თავისუფლება არ დაითმობა, ამიტომაც მოვედი აქ, – ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის 1200-მდე ინტერვიუ აქვს მიცემული.

„მოსული ვარ თქვენი თავისუფლებისთვის. არცერთი დღე ჩემი მეგობრების, თანამოაზრეების ბრძოლისა არ ყოფილა ისე, რომ ძალადობის წინააღმდე დიდი ძალისხმევა არ ყოფილიყო. არაფერი ღირს ქვეყანაზე იმად, რომ დათმობილ იქნას ჩემი და სხვისი თავისუფლება და განსაკუთრებით, ჩემი საქართველოს თავისუფლება. ჩემი და სხვისი თავისუფლება არ დაითმობა. ამიტომაც მოვედი აქ. შვიდ ნოემბერთან დაკავშირებით, 1200 ინტერვიუ მაქვს მიცემული”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„მე ვიცავ თავისუფლებას ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. როგორც აქციის წევრები განმარტავდნენ, შეკრების მთავარი მიზანი იყო მოსახლეობისთვის წინა ხელისუფლების მმართველობის წლების შეხსენება. გუშინვე რუსთაველის გამზირზე სახალხო მოძრაობამ „არა ნაციზმს“ მშვიდობიანი მსვლელობა – „გვახსოვს 7 ნოემბერი“ გამართა.

როგორც პოეტმა დავით მაღრაძემ რუსთაველის თეატრში, ღონისძიებაზე – „მე ვიცავ თავისუფლებას“ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობამ მონაპოვარი – თავისუფლება უნდა დაიცვას.

„ბოლო პერიოდში საზოგადოებას მადლობას ვეუბნებოდი, რომ პოეზიისთვის მოიცალეს. ახლა მადლობა მინდა გითხრათ, რომ სამშობლოსთვის მოიცალეთ. ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლებისთვის იბრძოლა. მეუბნებიან, ის წლები დაივიწყეო. საინტერესოა არგუმენტი, რატომ უნდა დავივიწყოთ. თურმე, ისინი ხელისუფლებაში მოსვლას კიდევ აპირებენ და სჯობს, დაგვავიწყდეს. თურმე, ხალხმა მთელი სადიზმი, თავისი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებით, თავისი ტელევიზიით უნდა დაივიწყოს, რომელსაც ისინი ემსახურნენ. არ იცით, რატომ? თურმე, ამ ხალხს ხელისუფლებაში მობრუნება კიდევ უნდა. როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, მაინც ვფიქრობდი, რომ რუსეთი შიდა პოლიტიკურ სივრცეში უფრო აგენტურულ ქსელს მიმართავდა ხოლმე და ახლა უკვე სააშკარაოზე გამოვიდნენ, თავისი ოფიციალური თანამშრომლები მივლინებაში ჰყავთ გამოგზავნილი ვაშაძეებისა და სხვა დანარჩენის სახით. ამხანაგმა ვაშაძემ დაანონსა, რომ, თურმე, ქუჩების გადაკეტვას, არეულობის შეტანას აპირებს. რუსეთის განზრახვა რა არის, ამხანაგმა ვაშაძემ ოფიციალურად გამოაცხადა და გაახმოვანა. ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს, არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოვა და ჩვენს სამშობლოსა და თავისუფლებას დავიცავთ. საქართველო მზით განათებული, ვენახის, ლექსისა და მშვენიერების ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, ხალხი მეორე ტურში ადგება და წარმოდგენილ არჩევანს შორის არჩევანს მშვენიერების სასარგებლოდ გააკეთებს“, – განაცხადა მაღრაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში აღნიშნა: „როდესაც მოვუწოდებ 50 ან 100 ათას თანამემამულეს, გამოვიდნენ და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს, ვინ შეაკავებს ამას, მხოლოდ წარმოიდგინეთ“.

ირაკლი ბათიაშვილმა რუსთაველის თეატრის წინ გამართულ ღონისძიებაზე – „მე ვიცავ თავისუფლებას“ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თავისი უხერხემლო პოლიტიკით მოახერხა, გაეცოცხლებინა აგონიაში მყოფი ძალა, რომელიც ახლა უკან მობრუნებით იმუქრება.

„ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობა საღად მოაზროვნეა და ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ ჩვენ გამარჯვებაში, ჩვენი ქვეყნის მომავალში. დიდი ინგლისელი მოაზროვნე ედმუნდ ბიორკი ამბობდა, ერთადერთი რაც საჭიროა, ბოროტების ტრიუმფისთვის არის ის, რომ კარგი ადამიანები არაფერს ვაკეთებდეთ. დღეს ჩვენ ვდგავართ ალეტრნატივის წინაშე, ან ჩვენი უმოქმედობით პასიურობით, გზას გავუხსნით საქართველოში ბოროტებას, ან კიდევ ჩვენი ერთსულოვანი ძალისხმევით ერთხელ და სამუდამო დავასამარებთ შავბნელი ძალის მობრუნებას ჩვენს ქვეყანაში. მრცხვენია, რომ ამდენი წლის შემდგომ აქ ვდგავარ და კიდევ ამ თემებზე ვლაპარაკობ. ასეთი განწყობა აქვს ალბათ ბევრ ჩვენგანს. სააკაშვილის საკითხებზე მიწევს ლაპარაკი, კიდევ მიტინგზე ყოფნა მიწევს, ძალიან მეუხერხულება. მაგრამ რას იზამ? სამწუხაროდ, ხელისუფლებამ უხერხემლო პოლიტიკით მოახერხა, რომ გააცოცხლა აგონიაში მყოფი ძალა და ის ახლა გვემუქრება უკან მობრუნებით. შეცდომებიც დაშვებულია და ამ შეცდომების გამოა, რომ მოსახლეობის, ჩვენი გაჭირვებული ხალხის დიდ ნაწილში მართლაცდა არის ასეთ ნიჰილიზმი, უფრო მეტიც, აგრესიული მუხტი. თვალებს ნუ დავიბრმავებთ, კარგად დავინახოთ ის რადიკალური სხვაობა, რაც არსებობს, როგორც თეთრსა და შავს შორის, ასევე ძველ სისხლიან რეჟიმსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის, თუნდაც გაკეთებული საქმეების მხრივ. არ შეიძლება დავბრმავდეთ და ეს დიდი სხვაობა არ დავინახოთ ყველა თვალსაზრისით, ბიზნესის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის, მასმედიის თავისუფლების თვალსაზრისით. არ მინდა, ჩამოვყვე, რა გაკეთდა ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, რაზედაც, სამწუხაროდ, თვითონ ჩვენი ხელისუფლება ვერ ახერხებს ამის სათანადოდ წარმოჩენას”, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

როგორც ბათიაშვილმა აღნიშნა, დღეს „რუსთავი 2“ შეუსვენებლივ მუშაობს, რათა 24 საათის განმავლობაში ტვინი გამოურეცხოს საზოგადოებას და ეს მუშაობა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში მასობრივი არეულობისთვის ნიადაგი მოამზადოს.

„პრეზიდენტი მათ სჭირდებათ ძირგამომთხრელი მუშაობისათვის. სჭირდებათ, რათა პრეზიდენტმა ყოველდღე საზღვარგარეთ, სტრასბურგში, ბრიუსელში, კუბოში ჩადოს ეს ხელისუფლება და ყოველდღე ძირი გამოუთხაროს მას. როგორც კი მომენტს ჩაიგდებენ და აქ შეიძლება დაიწყოს საზოგადოებრივი მღელვარების მაგვარი რამ, მაშინ მათი პრეზიდენტი, სჭირდებათ, რათა დადგნენ და მოწოდება გააკეთოს ხალხის მიმართ, რომ მოდით, ყველა შემოუერთდით ამ აქციას. მოწოდება გააკეთოს პოლიციელებისადმი, ჯარისადმი. ეს ყველაფერი მიმართული იქნება, რათა გადაიზარდოს პროცესები მასობრივ დესტაბილიზაციაში და არეულობაში, ამის ფონზე მათ მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები. მიაღწიონ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, როდესაც ხელისუფლება იქნება პარალიზებული. ეს არის გეგმა, ეს არის ცნობილი სხვადასხვა წყაროებიდან”, – განაცხადა ბათიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას დღეს აკისრია ვალდებულება, რომ არ დაუშვას სისხლიანი რეჟიმის უკან მობრუნება.

„ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, რომ არ დავუშვათ საქართველოში არავითარ შემთხვევაში ამ შავბნელი ძალის მობრუნება. ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატია და მომავალი, ამისათვის კი ნამდვილად ღირს შრომაც, გარჯაც, დარაზმვაც და თუ საჭიროა თავგანწირვაც კი”, – განაცხადა ბათიაშვილმა.

ორგანიზაციის „არა ნაციზმს“ წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში, ოპერის წინ შეიკრიბნენ, მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ყველა იმ ადგილზე მისვლას გეგმავენ, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევა მოხდა.

ამასთან, აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ პარლამენტის წინ მყოფ შვილმკვდარ მამებს – ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს.

„წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ადგილს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 7 ნოემბერს ჩვენი თანამოქალაქეები დაარბია, სადაც ქართველი ხალხის სისხლი დაიღვარა. აქ იმყოფებიან შვილმოკლული მამები და გვინდა, სამძიმარი გამოვუცხადოთ მათ. ჩვენ მათ მიმართ სოლიდარული ვართ. ღმერთმა არ ქნას, რომ ჩვენს ქვეყანაში განმეორდეს ასეთი ფაქტები, როდესაც მოზარდები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან. ეს ყველაფერი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმიდან მომდინარეობს, როდესაც ბავშვები მთელი 9 წელი აგრესიის მეტს არაფერს უსმენდნენ რადიოთი, ტელევიზიით თუ კომპიუტერით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ია მეტრეველმა.

შემდეგ აქციის მონაწილეებმა ოპერის თეატრთან გადაინაცვლეს და სააკაშვილის რეჟიმის დროს მოკლული ახალგაზრდების დედების მიტინგს შეუერთდნენ. ორივე აქციის მონაწილეები გაერთიანდნენ და მშვიდობიანი მსვლელობით ჩაიარეს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობამდე. ყველა ღონისძიებაში, სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული ოჯახების წევრების გარდა, მთლიანობაში ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა. ესენი, ძირითადად, იყვნენ იმ ტრაგიკული მოვლენების მონაწილეები - მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას!“ წევრები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები და საბრძოლო მოქმედებათა ვეტერანები. ისევ ყურს ჭრიდა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის უკვე მოსაბეზრებელი ბრალდებები რუსეთის - ამ მონსტრის და ოკუპანტისმისამართით, „სსრკ სუკ-ის რიგითი სააკაშვილის და მისი ბიძის, სუკ-ის გენერალ ალასანიას მიმართ, რომლებმაც 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რუსეთის დავალებით გაუხსნეს ცეცხლი ცხინვალს იმისთვის, რომ რუსეთს ამ ტერიტორიების ანექსია მოეხდინა და ყოველდღე თითო ნაგლეჯი ქართული ტერიტორიის ჩამოჭრას განაგრძობს“, - ასეთი განცხადება გააკეთა, კერძოდ, კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, რომელმაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მიტინგი გახსნა.