საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა. 1tv.ge-ს ცნობით, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და გირაოს ოდენობა 5 ათას ლარს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი 126-ე მუხლით, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარუდგინა. ადვოკატების თქმით, ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.
2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი მოხდა.
ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და იმავე წლის 30 დეკემბერს გადადგა. ის მთავარ პროკურატურას მხოლოდ 37 დღის განმავლობაში მართავდა და არც მანამდე და არც მერე პრესასთან საჯარო კომუნიკაციის სურვილი არ ჰქონია.
ფარცხალაძის გვარი დაკავშირებულია შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან, აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსთან ლაშა თორდიასთან ფიზიკურ დაპირისპირებასთან და „ომეგა“ ჯგუფის საქმეში სპორტის ყოფილ მინისტრთან ასევე შესაძლო ფიზიკურ დაპირისპირებასთან.