ლეიბორისტებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნესტან კირთაძემ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდა გააპროტესტა. მან საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას ცინიკური და უპასუხისმგებლო უწოდა.
”საქართველოს ლეიბორისტული პარტია აპროტესტებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას და საქართველოს პარლამენტის გუშინდელ, პრაქტიკულად ერთპარტიულ რეჟიმში, მიღებულ სრულიად ცინიკურ და უპასუხისმგებლო დადგენილებას ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდასთან დაკავშირებით.ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, დაუყოვნებლივ მიიღოს სტრატეგია ქართული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთიდან გამოყვანის თაობაზე;
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გადახედოს 2009 წლის 6 აგვისტოს და გუშინდელ სამარცხვინო დადგენილებებს.
ეს იყო ყველაზე ცინიკური გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმ დღეს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ავღანეთში კიდევ ერთი და უკვე მე-6 ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ გიორგი ავალიანის დაღუპვისა და ორი სამხედრო მოსამსახურის დაჭრის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ პარლამეტის გუშინდელი სხდომის დღის წესრიგში თანხმობის დადგენილების პროექტი არ არსებობდა და იგი მყისიერად იქნა შეტანილი და გადაწვეტილებაც მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცების დაღუპვისა და დაჭრის თაობაზე.
საქართველოს ლეიბორისტული პარტია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს კაპრალ გიორგი ავალიანის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, თანამებრძოლებსა და ქართველ ხალხს.
სწრაფ გამოჯანმრთელებასა და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებას უსურვებს დაჭრილ ჯარისჯაცებს.
იმ პირობებში, როცა საქართველო სახელმწიფოებრივად და ტერიტორიულად დაშლილია,
როდესაც უკანასკნელ ხანს ხელისუფლება დაჟინებით საუბრობს ახალ საფრთხეებსა და რისკებზე, მათ შორის, მოსალოდნელ საერთაშორისო ტერორისტულ აქტებზე, საქართველოს მიერ ასეთი კონტრიბუცია და მზარდი სამხედრო ძალის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანა უპასუხისმგებლო მოქმედებაა და, ცხადია, სრულიად გაუმართლებელიც. იგი ემსახურება ერთდერთ პოლიტიკურ მიზანს - ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიცოცხლის ფასად კვლავ დიდხანს შენარჩუნდეს არსებული ხელისუფლება.
ავღანეთთან დაკავშირებული უკანასკნელი ინფორმაციები ცხადყოფს, რომ მოსალოდნელია თალიბებისგან კიდევ უფრო გამძაფრდეს სამხედრო მოქმედებანი, რაც, სამწუხაროდ, მსხვერპლის რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.
საქართველოსთვის გაუმართლებელ მსხვერპლზე მთელს პასუხისმგებლობას ვაკისრებთ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ასევე ერთპარტიულ პარლამენტს.
ეს არ არის ჩვენი ომი.
ქართველებს ამ ომში არაფერი ესაქმებათ!” - განაცხადა ნესტან კირთაძემ.