პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი მუშტის დაკვრით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებს, მას თემების სიღრმისეული განხილვა ახასიათებს! - გია ვოლსკი

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი პროცესს კოორდინირებას პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან გაუწევს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემაში საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მუშტის დაკვრით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებს და მას თემების სიღრმისეული განხილვა ახასიათებს.

პოლიტსაბჭოსთან შეიქმნა თემატური ჯგუფები და არიან ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს ჯგუფები საგარეო ურთიერთობების, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და სოციალურ თემებს ეხება. ვამბობთ, რომ რეგიონული ჯგუფიც გავაკეთოთ, რადგან საკადრო თემა ამას პირდაპირ ეხება. მოქალაქეებთან ინტენსიური შეხვედრებისას ძალიან ბევრჯერ მოვისმინე იმის შესახებ, რომ ადამიანი კონკრეტულ უწყებაში მივიდა საკითხით, რომელიც მის მდგომარეობას გააუმჯობესებდა, მაგრამ თვეებია, პასუხს ვერ იღებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დღევანდელ ვითარებაში არის თუ არა ქართულ ოცნებაში რესურსი, რომ მან სრული ტრანსფორმაცია მოახდინოს და უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად გამოაჩინა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მმართველ პარტიაში ამის რესურსი არის და ეს რომ ასე არ იყოს, ქვეყანაში კრიზისი იქნებოდა.