სამართალი
წარმოუდგენელია, მოძალადეები და მწამებლები დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში! - გოგა ხაინდრავა

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. წარმოუდგენელია, მოძალადეები, მწამებლები დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში და მჯერა, ამას ყველა გრძნობს, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ბუნებრივია, საზოგადოება ვერანაირად ვერ დაუშვებს სიძულვილს, ტყუილს, ბოროტებას, რამაც ცხრა წლის განმავლობაში ჩაახშო თავისუფალი ქართველი ხალხის ნება და სურვილი, წესიერ ქვეყანაში ეცხოვრათ. ისევ ცდილობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს ეს ძალა. ეს ყოვლად უპერსპექტივოა და ამას დაადასტურებს უახლოესი დღეები და რაც მთავარია, არჩევნები. წარმოუდგენელია, რომ მოძალადეები, მწამებლები დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში და მჯერა, ამას ყველა გრძნობს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ვერის ბაღში საზოგადოების წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაიხსენეს. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.

საქინფორმი: გასულ კვირა დღეს თბილისის საზოგადოება ვერის ბაღში საპროტესტო მიტინგზე შეიკრიბა სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნების წინააღმდეგ, რისი საფრთხეც რეალურად არსებობს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც მისმა კანდიდატმა მმართველი პარტიის კანდიდატთან თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო.