საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ემიჯნება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომელშიც ის პატრიარქის ინტერესზე საუბრობდა. განცხადება საპატრიარქომ გაავრცელა.
"ადრეც და, სამწუხაროდ, დღესაც განმარტების გაკეთება გვიხდება კათოლიკოს-პატრიარქთან შემდგარი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტაციის გამო. ამჯერად მხედველობაში გვაქვს საპრეზიდენტო კანდიდატის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის კომენტარი... აღნიშნული პოზიცია არის უშუალოდ ბატონ გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულების გამოხატულება და მას პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს", — აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
3 ნოემბერს საპატრიარქოში გრიგოლ ვაშაძე მივიდა. ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ სანთლებით გამოსულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ილია მეორე მათი გეგმებით დაინტერესდა.
"უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას", — განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის საპატრიარქოში ვიზიტს წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ ლიდერების საპატრიარქოში სტუმრობა. 2 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.