საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ.
„ჩვენი საელჩო იზიარებს ასევე იმ პრობლემებს, რაც დაფიქსირდა არჩევნებზე ხარვეზების სახით და იმედი აქვს, რომ მეორე ტურში ხარვეზები გამოსწორდება. ჩვენ არჩევნებს ვუყურებთ, როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმოაჩინოს თავისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
ცნობისათვის: საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი დაახლოებით 10 დღის შემდეგ ჩამოვა. ა.წ. თებერვალში იან კელის გამგზავრების შემდეგ საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობას დროებით ელიზაბეთ რუდი ასრულებდა.