სამართალი
რატომ არ ეხმარება ხელისუფლება ლიბიაში დატყვევებულ მეზღვაურებს?!

Vasilios-Nუკვე მეათე თვეა,დატყვევებული 6 ქართველი მეზღვაური საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის – "ვასილიოს N"-ის ბორტზე ლიბიის ქალაქ მისურატაში იმყოფება. ისინი ამ ხნის განმავლობაში შველას ამაოდ ითხოვენ და მათი ბედიც ამ დრომდე უცნობია.

გემის კაპიტანია ივერი ყურაშვილი. გემზე ასევე იმყოფება კაპიტნის ვაჟიშვილი, გიორგი ყურაშვილი. როგორც დედამისი, მანანა ამბალია ამბობს, ბოლოს მეუღლესა და შვილს რამდენიმე დღის წინათ ესაუბრა. მას შემდეგ მათზე არაფერი იცის.

"გიორგიმ მითხრა, ქალაქში არ გვიშვებენ, პორტი დაკეტესო. ყველაფერი ინტერნეტი, ტელეფონები გამორთულიაო. ერთადერთი, რასაც ვახერხებთ, "ევრონიუსს" ვუყურებთ მთელი ოჯახი და ასე ვიგებთ ინფორმაციას. ახლა, ამ ომის ფონზე, არც ვიცი, რა იქნება,"განაცხადა მანანა ამბალიამ.

"ვასილიოს N" ათი თვის წინათ თურქეთის ერთ-ერთი პორტიდან გავიდა და გეზი ლიბიისკენ აიღო. სამშენებლო მასალით დატვირთულ გემს ტვირთმფლობელი ლიბიის ქალაქ მისურატაში ელოდა. საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გემი დიდ ღელვაში მოხვდა, რის შედეგადაც ტვირთის დაახლოებით 18% დასველდა. მეპატრონემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. დავა ტვირთმფლობელსა და გემმფლობელს შორის დღემდე გრძელდება, თავად გემი კი, უკვე მეათე თვეა, დაკავებულია.

ოჯახის წევრები მეზღვაურებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.