საზოგადოება
რატომ წააგო „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ციხეში და ვინ უხელმძღვანელებს მმართველი პარტიის შტაბებს მეორე ტურის წინ

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ცოტა ხნის წინ დანიშნული მოადგილე, საგანგებო პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი გუშინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მიზეზის გამოცნობა ძნელი არ არის - ვიღაცამ ისე სერიოზულად იმუშავა პატიმრებთან, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმის დროს არაადამიანურად აწამებდნენ, რომ მათ გასულ კვირა დღეს ხმა მისცეს პრეზიდენტობის კანდიდატს სააკაშვილის პარტიიდან გრიგოლ ვაშაძეს. ვაშაძეს დაუჭირა მხარი, აგრეთვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილების უმეტესობამ.

ამასთან, გუშინდელ სხდომაზე მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გადაწყდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის შტაბს კი – დედაქალაქის მერი კახი კალაძე.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკო-ს მონაცემებით, 3705 უბნის მონაცემების თანახმად, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 615 433 ხმა აქვს, რაც ხმათა 38,64 პროცენტს შეადგენს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 600 970 ხმა მოაგროვა, რაც ხმების 37,74 პროცენტია. აღნიშნული მონაცემების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამისი განკარგულებით. არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.