პუბლიკაციები
ნანა ლეჟავა: დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობამისჯილ ბოჭორიშვილზე საქართველომ საბერძნეთის პოლიციას ერთი სამხილიც ვერ წარუდგინა

lejava2010 წლის ივნისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ნარკოკარტელის 10-მდე წევრი დააკავა და 1 მილიონ 700 ათასი ევრო ამოიღო. როგორც მაშინ შსს იუწყებოდა, აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფი უწყების ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მათი აყვანის დროს განხორციელებული ჩხრეკისას ერთ-ერთი დამნაშავის - მევლუდ სვანიძის ეზოდან მიწაში დამარხული 1 მილიონ 700 ათასი ევრო ამოიღეს, ხოლო ანასტასია ზაუტაშვილის ბინიდან, რომელიც ამ საქმის „მთავარი გმირის“, სამუდამო პატიმრობამისჯილი ბიზნესმენის - ნუგზარ ბოჭორიშვილის მეგობარი ქალი იყო, - 50 ათასი ევრო...

ამ საქმიდან მეორე დღესვე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივა გაახმიანა, რომლის მიხედვით, ქართველი პოლიციელების მიერ ამოღებული თანხა სასარგებლო საქმეში უნდა ჩადებულიყო და იგი პირველკლასელებისთვის კომპიუტერების შეძენას მოხმარდებოდა.

9 თვის შემდეგ ბოჭორიშვილის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა, რომელიც, ფაქტობრივად, ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ გახმაურებული სპეცოპერაციის გაუხმაურებელი დეტალების მოძიება თავად ბიზნესმენისგან შეძლო, რომელიც ამჟამად საბერძნეთში იმყოფება. ეს დეტალები კი 13 თებერვლის „კვირის რეპორტაჟში“ აჩვენეს.

გთავაზობთ ინტერვიუს ნანა ლეჟავასთან, რომელიც “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბრისას კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს გაახმიანებს.

– როგორც თქვენი გადაცემიდან ირკვევა, ბოჭორიშვილი ამჟამად საბერძნეთში იმყოფება, სადაც დააკავეს კიდეც, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. რატომ გაათავისუფლეს ბიზნესმენი, თუ მას ინტერპოლი ეძებდა და ეს საბერძნეთის პოლიციისთვის ცნობილი იყო?

– მისსავე სიტყვებს გავიმეორებ: ის გასული წლის გაზაფხულზე ესპანეთში იმყოფებოდა და, როგორც კი სპეცოპერაცია ჩატარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა, ვინაიდან ის არის საბერძნეთის მოქალაქე, დაბრუნდა საბერძნეთში და გამოცხადდა პოლიციაში. იქ უკვე ჰქონდათ მონაცემები, რომ ეს ადამიანი იძებნებოდა და დააკავეს. დაიწყეს საქმის განხილვა, მაგრამ ნახეს, რომ ბოჭორიშვილის წინააღმდეგ მასალები რეალურად არ არსებობდა და ორ საათში გაათავისუფლეს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით. მას შემდეგ 9 თვე გავიდა და საბერძნეთი დღემდე თხოვს საქართველოს ბოჭორიშვილის საქმეზე მასალებს. როგორც ბიზნესმენისგან ვიცი, საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს საელჩოს სამჯერ მისწერა კიდეც, მიეწოდებინათ ამ ადამიანზე მასალები, თუმცა მის წინააღმდეგ ქართულ მხარეს არანაირი მასალა არ გაუგზავნია.

– რას ამბობენ ამაზე ქართველი სამართალდამცველები?

– პროკურატურამ ამაზე საკმაოდ მშრალი კომენტარი გააკეთა. ძალიან ბევრი რამ არ გვითხრეს და მიზეზად გამოძიების ინტერესები დაასახელეს. მაგრამ, როდესაც ვკითხეთ ბოჭორიშვილზე, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მათ გვიპასუხეს, რომ ის წითელი ცირკულარით იძებნება, თუმცა ბიზნესმენის ადგილსამყოფელი არ იციან. ეს ძალიან სასაცილო იყო, რადგან ადამიანი ტელეფონით უკავშირდება ადვოკატებს, ჟურნალისტებს, არ ემალება იმ ქვეყნის სამართალდამცველებს, რომელშიც ცხოვრობს, და ამ დროს ქართველმა სამართალდამცველებმა მის შესახებ არაფერი იციან.

– რა გითხრათ ბოჭორიშვილმა? სინამდვილეში რა მოხდა გასული წლის ივნისში წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში?

– ბოჭორიშვილი ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიას ყვება, რაც იმ ამბამდე და მის შემდგომ მოხდა. იგი ამბობს, რომ ის თანხა, რომელიც ამოიღეს, ნამდვილად ინახებოდა მის სახლში და ამის შესახებ ინფორმაცია ქართველ ძალოვნებამდე მივიდა. ფიქრობს, რომ ინფორმაციამ გაჟონა სატელეფონო საუბრებიდან.

მას ჰქონდა, ასევე, დაპირისპირება ერთ ადამიანთან, რომლის ჩვენებაც პროკურატურისთვის დღეს მთავარი მტკიცებულებაა მთელ ამ საქმეში. ის ბიზნესმენს ფულს სძალავდა, ეს იყო მათი პირადი საქმე; ემუქრებოდნენ, რომ მისი მეგობარი ქალის - ანასტასია ზაუტაშვილის შესახებ მისი ყოფილი მეუღლე გაიგებდა ყველაფერს, მათ შორის, მათი საერთო შვილის შესახებ და ა.შ. და ფულს სძალავდნენ, თუმცა თავად ბოჭორიშვილს ეჭვი აქვს, რომ გამოძალვის საქმეში პოლიციელებიც მონაწილეობდნენ და ამას გარკვეულწილად ასაბუთებს კიდეც.

შემდეგ იგი დასახმარებლად შაქრო კალაშოვს დაუკავშირდა. იგი ამბობს, რომ, როგორც კი ზარი განხორციელდა კალაშოვთან და გურჩიანთან, მაშინვე დაიგეგმა ის სპეცოპერაცია და ჩავიდნენ ტყაჩირში და ფული ამოიღეს; ისაუბრეს 90 კგ კოკაინზე, რაც თვალით არავის გვინახავს. იყო რამდენიმე გრამი კიდევ, რომელიც მისი სიძის მანქანიდან ამოიღეს, მაგრამ, როდესაც ჩვენ ჩავედით ტყაჩირში, ფაქტობრივად, ყველა მეზობელმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკი ამ ადამიანს ჩაუდეს. მისი მანქანა სამჯერ გაჩხრიკეს და მესამე ჩხრეკის დროს იპოვეს ვითომ ნარკოტიკი.

სამართალდამცველების ვერსიით, ბოჭორიშვილის სიძე, მევლუდ სვანიძე გარბოდა და დააკავეს. თუმცა თითქმის ყველა თანასოფლელი ერთნაირად ჰყვება, რომ ოპერაცია ღამით დაიწყო, როდესაც ის შინ არ იმყოფებოდა. მაგრამ, როდესაც გაიგო, რაც მის სახლში ხდებოდა, მივიდა და ხელებაწეული ჩაბარდა პოლიციას. მითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ, კაცს, რომელიც ხელებაწეული ბარდება პოლიციას, ჯიბეში ნარკოტიკი ექნება და მანამდე, უბრალოდ, არ გადააგდებდა?

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ამ საქმეში და იმედი მქონდა, რომ ამ რეპორტაჟის გასვლის შემდეგ რაიმე რეაქცია იქნებოდა - უარყოფდნენ ან დაადასტურებდნენ, მაგრამ კვირაზე მეტი გავიდა და გამოხმაურება, რეაქცია სამართალდამცველების მხრიდან არ ყოფილა. მით უმეტეს, რომ რეპორტაჟში გავიდა სატელეფონო ჩანაწერიც, რომლის მიხედვით კუდის ხელმძღვანელის მოადგილის - სოსო თოფურიძისა და კიდევ ერთი მაღალჩინოსნის - ოთარ ლომინაძის სახელით ბოჭორიშვილს 3 მილიონ ევროს სძალავდნენ ბრალის მოხსნის სანაცვლოდ.

– როგორ მოიპოვეთ ლომინაძისა და ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც სწორედ ამ სამ მილიონ ევროზეა საუბარი?

– ეს საუბარი თავად ბოჭორიშვილმა ჩაწერა. ლომინაძე მისი ნათესავია და, ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ მას დაერეკა ბიზნესმენთან. ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ შსს-ს ერთადერთი გზა ჰქონდა: ეთქვა ჩვენთვის, რომ ეს ადამიანი არ მუშაობს უწყებაში, ან მუშაობდა და გაათავისუფლეს, როგორც ხდება ხოლმე. ამიტომ ესეც გამოვრციხეთ. მე პირადად დავურეკე მას, ბოჭორიშვილის ადვოკატის სახელით, და საშვის დაშვება ვთხოვე. ლომინაძემ საშვი დაუშვა, რითაც დადასტურდა, რომ ის ნამდვილად მუშაობს კუდის პირველ მთავარ სამმართველოში.

– რეპორტაჟში ბოჭორიშვილის დედის ჩანაწერიც არის გამოყენებული. ის ჰყვება, რომ, გარდა დამარხული ფულისა, რომელიც სპეცოპერაციის დროს ამოიღეს, მას პირადი თანხაც ჰქონდა სახლში, რაც სამართალდამცველებმა წაიღეს. ხომ არ გაგირკვევიათ, რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი და რა ბედი ეწია მას?

– ის ამბობს, რომ ეს თანხა იყო მისი საკუთარი 5 ათასი ლარი, რომელიც   მის კუთვნილ ოქროულობასთან ერთად წაიღეს. მას უთხრეს, რომ „თანხა გამოძიების დასრულების შემდეგ, თუ საჭირო იქნებოდა, დაუბრუნდებოდა, თუ არა და – არა”. ვეჭვობ, მას ეს თანხა დაუბრუნონ, რადგან ბოჭორიშვილს ყველანაირი ქონება დაუყადაღეს, მათ შორის - მამაპაპისეული სახლი, წლების წინ შეძენილი ქონება და მის ოჯახის წევრებს იმ სახლშიც არ უშვებენ, სადაც მისი ყველა წინაპარი ცხოვრობდა, ანუ ეს სახლი საკმაოდ ძველია და არ არის გუშინდელი აშენებული. იქ დროდადრო ჩნდებიან პოლიციელები. ჩვენ ვნახეთ მათი ნაკვალევი, რომ იქ ჭამენ, სვამენ, სძინავთ, ბოჭორიშვილის დედა კი დროებით დასთან - ქუთაისში ცხოვრობს და მან იმასაც ვერ მიაღწია, რომ საკუთარ სახლში დაბრუნდეს. არადა, კანონით, ამის უფლება აქვს ყადაღის შემთხვევაშიც, მაგრამ არ უშვებენ.

- როგორც ცნობილია, ბოჭორიშვილი ქართველ სამართალდამცველებს ორიოდე წლის წინაც ჰყავდათ დაკავებული.

- დიახ, მას მაშინაც აბსურდული ბრალდებები წაუყენეს, სინამდვილეში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დაფინანსების გამო სდევნიდნენ და გათავისუფლების სანაცვლოდ 200 ათასი დოლარის გადახდას სთხოვდნენ; ისიც უთხრეს, რომ მის მიერ ოპოზიციის დაფინანსების შესახებ მასალები აქვთ და ა.შ., ბოჭორიშვილმა ჯერ უარი თქვა თანხის გადახდაზე, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მიხვდა, რომ სისულელე იყო უარის თქმა, შემდეგ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 100 ათასი გადაიხადა და ციხიდან გამოვიდა. სწორედ მაშინ დაწერა მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის სამინისტროში განცხადება და გახდა ლეგალურად საბერძნეთის მოქალაქე.

– ბოჭორიშვილის საქმეში ფიგურირებს ორი პირი, რომელთაგან ერთი არ დაუჭერიათ, მეორისთვის კი, როგორც თქვენი გადაცემიდან ირკვევა, სასჯელის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავენ. რატომ არ იჭერენ ლევან კოჩაძეს?

– ამ საქმეში მხოლოდ ორი ადამიანია, რომლებიც ბრალს აღიარებენ. კახა სვანაძე არის ბოჭორიშვილის კლასელი, რომელსაც ბიზნესმენმა უფლება მისცა, იმ შენობიდან, რომელშიც რესტორნის გახსნას აპირებდა, ჯართი წაეღო. როგორც ამბობენ, სვანაძე ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს, დააბრალეს ის, რაც არ იყო და არის ასეთი ინფორმაციაც, რომ ამ ადამიანმა ვენებიც გადაიჭრა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის დადასტურება ვერ მივიღე და რეპორტაჟში არ გამომიყენებია. ყოველ შემთხვევაში, მასზე ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა და ის გამოიყენეს ბოჭორიშვილის წინააღმდეგ. რაც შეეხება კოჩაძეს, ის არ დაუჭერიათ. ეს არის ადამიანი, რომელიც ყვება, რამდენჯერ გადავიდა საზღვარზე, რა რაოდენობის კოკაინი გადაიტანა, გაყიდა, მაგრამ დღემდე ის არავის დაუჭერია. პროკურატურაში ამაზე გვითხრეს, რომ მან კარგად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ქართული კანონმდებლობა ასეთი პირის თავისუფლებას ითვალისწინებს. ამ მიზეზითვე უმცირებენ სასჯელს სვანაძეს. სწორედ ამ ადამიანების ჩვენებების საფუძველზე აღიძრა მთლიანად საქმე. სხვა რაიმე მტკიცებულება ამ საქმეში არ დევს.

– რაც შეეხება კუდის მაღალჩინოსან სოსო თოფურიძეს, თუ დაუკავშირდით მას იმ სატელეფონო საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით, ლომინაძე ბოჭორიშვილს მისი სახელით რომ ფულს სძალავს?

– როგორც წესი, თოფურიძე მოკვდავების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. არადა, ძალიან საინტერესოა, როგორ შეიძლება, ადამიანს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მეორე წუთს ძებნის მოხსნას დაჰპირდე. სასაცილო, იცით, რა არის: მსგავსი საქმე რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გამსკდარიყო, ამაზე დიდი ამბავი ატყდებოდა, ჩვენთან კი არაფერიც არ მომხდარა, იყო და ჩაიარა ამ ამბავმა. მათ სათქმელიც არაფერი აქვთ და, ალბათ, ახლა ეძებენ ვერსიებს, როგორ გამოიყვანონ ლამაზად თავი ამ სიტუაციიდან, მაგრამ მსგავსი ჯერ არაფერი მომხდარა.

– ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, სად წავიდა სპეცოპერაციის დროს ამოღებული 1 მლნ 700 ათასი ევრო, რომელიც სააკაშვილის ინიციატივით, პირველკლასელი ბავშვებისთვის კომპიუტერების ყიდვას უნდა მოხმარებოდა.

– იურისტი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ, თუ საქმეში რაიმე თანხა ფიგურირებს, არის ჩვეულებრივი ნივთმტკიცება და გამოძიების დასრულებამდე არავის დედამიწის ზურგზე მისი გამოყენების უფლება არ აქვს (რა დრომდეც ის უნდა იყოს დალუქული). ოპერაცია ჩატარდა და მეორე დღეს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ამ ფულით იყიდოს კომპიუტერი – ეს დანაშაულია. მისთვის ვინმეს უნდა ერჩია, რომ დალოდებოდა გამოძიების დასრულებას, დადგენილიყო ამ ფულის წარმომავლობა, სხვა დეტალები და მერე გინდ კომპიუტერი იყიდე, გინდ მასაჟისტი ჩამოიყვანე და გინდ ველოსიპედი იყიდე და იკატავე რეზიდენციის გარშემო. ისე, საკითხავია, სად არის ამ ფულით ნაყიდი კომპიუტერები?!

 

www.geworld.net