პოლიტიკა
საზოგადოება არ არის განწყობილი არეულობასა და ქაოსში დასაბრუნებლად! - გია ვოლსკი

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, რეალურად შეაფასოს, რა მოხდა ჩვენს თავს 2008 წელს და ვინ იყო ამის შემოქმედი, დამგეგმავი და განმახორციელებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ოპონენტები შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ.

ბოლო პერიოდის მოვლენები, რასაკვირველია, მთავარი თემა იქნება. მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებები საკმაოდ გაკეთდა, მაგრამ რეალურად ერთ საკითხზე მინდა, ყველას განსაკუთრებული ყურადღება შევაჩერო. ბევრი ვილაპარაკეთ, რომ არის უშველებელი რაოდენობის ლანძღვა, გინება, წინასაარჩევნო ბატალიები დაემგვანა გლადიატორების ბრძოლას, სადაც ადამიანები ცუდ სიტყვებს არ იშურებენ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ძირითადად ერთი ადამიანის მიმართ ხორციელდება. ეს არის სალომე ზურაბიშვილი და არც ერთი ოპონენტი არ დარჩენილა, რომ საკითხთან დაკავშირებით არ გაეღო პირი და არ ეთქვა ის, რაც არის ჩვენს საზოგადოებაში დასახელებული, გაგებული, როგორც შეურაცხმყოფელი სიტყვა. შეურაცხმყოფელ სიტყვებს თავი დავანებოთ. ამხელა რაოდენობის დეზინფორმაცია, რაც მოვისმინეთ, მე არ გამიგია. ადამიანები პირდაპირ გვპირდებიან, არც მეტი, არც ნაკლები, სამოქალაქო დაპირისპირებას, ყველაფრის დანგრევას და ამ ნანგრევებზე იმ ხელისუფლების აშენებას, რომელიც თვითონ აწყობთ. გეუბნებიან, თქვენ თვითონ ამას ქადაგებთო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ 2008 წლის მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, 8 აგვისტოს დილამდე მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ არაფერი ხდებოდა და რუსეთი შემოჭრას არ აპირებდა.

ადამიანებმა, რომლებიც აგვისტოს ომის წინ - 4, 5, 6, 7, 8 აგვისტოს 12:00 საათამდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთი არ შემოდის და ამათ კიდევ, ამ სეპარატისტებს და პროვოკატორებს ჩვენ ორ საათში მოვუღებთ ბოლოს, ესენი გვეუბნებიან დღეს, რომ თურმე, სალომე ზურაბიშვილს უთქვამს ინტერვიუში, რომ დაპირისპირებისკენ მივყავდით ამ დაძაბულ რიტორიკას, როცა მთელი მსოფლიო იმავეს ამბობს. დავანებოთ იმ რეზოლუციას თავი, აღარ მინდა, კიდევ მოვიგონო. აქედან გამომდინარეობს კიდევ 120, თუ ზუსტად არ მახსოვს ციფრი, ბოდიშს მოვიხდი იმ ხალხის წინაშე, მაგრამ 130 ადამიანი, სამოქალაქო პირებზე ვამბობ, გახდნენ მსხვერპლი. არ ვამბობ სამხედროებზე, რომლებიც იბრძოდნენ და გმირულად დაეცნენ, სამოქალაქო პირები გახდნენ მსხვერპლი იმის, რომ ელემენტარულად ვაშაძე, ბაქრაძე, იაკობაშვილი და მთელი ეს გუნდი სააკაშვილის მეთაურობით ამბობდაარაფერი ხდება, ჩვენ ამას უცებ ავიღებთ და ამ პროვოკატორებს ჩავაკმენდინებთ ხმას. უფრო მეტიც, გვეუბნებოდნენ, რომ მოსკოვი გაკვირვებულიაო, მოსკოვს გაუკვირდა, ეს რა ხდება, რა უნდა ამ კოკოითსო, ამ პროვოკატორსო. თურმე, ბატონ ვაშაძეს სთავაზობდნენჩამოდი მოსკოვში და გავარჩიოთ ერთი, რა ხდება ჩვენს თავს. რას უნდა აკეთებდეს ამ დროს ხელისუფლება? უნდა ჩადიოდეს გაერო- უშიშროების საბჭოში და ტეხდეს ერთ ამბავს და ახლა ამის ფონზე, რაც მოგიყევით, ვიღაცა ამბობს, რომ თურმე ჰააგაში, ერთ-ერთ სასამართლოში ისარგებლეს სალომე ზურაბიშვილის სადღაც მიცემული ინტერვიუთი, აქედან წააგეს თურმე თვითონვე სასამართლო პროცესი. ეს არის უზნეობა, რადგან ჯერ ერთი, არაფერი დამთავრებული არ არის, პროცესები მიმდინარეობს, ერთ სასამართლოში, მეორე სასამართლოში, რუსეთს არ გადაარჩენს არაფერი, რადგან კარები შემოგიმტვრია, ახლა შიგნიდან თუ გაუღეს ამათ კარები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არის აგრესორი და ის არ არის ოკუპანტი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ოპონენტებმა კარგად იციან, რეალურად რა მოხდა.

განა შეიძლება, ავიტანოთ ამდენი ტყუილი მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ, რომ კომპეტენცია არ ჰყოფნით. ზუსტად იციან, რაც მოხდა, აქედან გამომდინარეობს ის გაცხოველებული, გავეშებული შეტევა, თითქოს იმ კანდიდატურის დანაშაული არსებობს, რომელიც ვეღარ იგერიებს ამ შემოტევას, რადგან არც ერთი სხვა კანდიდატი არ ერიდება იმას, რომ ეს რიტორიკა გაიმეოროს, რაც ესმითნაციონალური მოძრაობისაგან“. ეს არის რეალობა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, რეალურად შეაფასოს, რა მოხდა ჩვენს თავს და ვინ იყო ამის შემოქმედი, დამგეგმავი და განმხორციელებელი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.