აქტუალური
კარასინის მრავალმნიშვნელოვანი განცხადება - რისი იმედი აქვს მოსკოვს?

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერჯერობით პუტინთან შეხვედრას არ აპირებს, იმიტომ რომ მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაჭრის გასაღები არ აქვს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, ამ წლის ბოლომდე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბრისას, განაცხადა, რომ აუცილებელია, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დაველოდოთ.

„საქართველოში 1 დეკემბრამდე კენჭისყრის მეორე ტური ჩატარდება. ვნახავთ არჩევნების შედეგებს, ვიმუშავებთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე იმ ზომით, რა ზომითაც ქართული მხარე ამისთვის მზად არის“, - თქვა კარასინმა რუსი თანამემამულეების VI მსოფლიო კონგრესის კულუარებში შეკითხვის პასუხად - შეძლებენ თუ არა რფ-ისა და საქართველოს ლიდერები წლის ბოლომდე შეხვედრას.

არჩევნების საბოლოო შედეგებს საქართველოს ცესკო, ყველაზე გვიან, 17 ნოემბერს შეაჯამებს, ხოლო აქედან 2 კვირაში, მაგრამ არა უგვიანეს 2 დეკემბრისა, მე-2 ტური ჩატარდება.