ნაპოლეონ ქარქაშაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენისა და სხვა სახელმწიფო ჯილდოების კავალერი.
საქართველოსა და რუსეთის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი, სან-ფრანცისკოსა და სხვა საერთაშორისო აკადემიების აკადემიკოსი.
1975-1990 წლებში საქართველოს სუბტროპიკულ მეურნეობათა ინსტიტუტის რექტორია, იყო ქართული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი აფხაზეთში. 1990 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორია. 2004 წელს აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტად.მაგარი ქართველები ცხოვრობდნენ მაშინ სოხუმში
მკითხველი მიაქცევდა ყურადღებას, რომ ბატონი ნაპოლეონი აფხაზეთში ქართული მოძრაობის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი იყო, ურთულეს წლებში, როცა უკიდურესად დაიძაბა ქართულ-აფხაზური ურთიერთობა. დღეს, როცა კონფლიქტების მოგვარების საქმე დილეტანტებს აბარია, მათ, ვისაც დაპირისპირების ქურაში არ გაუვლია, არ იცნობს აფხაზეთისა და ოსების ტრადიციებს, მენტალიტეტს, რეალობას, რომელიც ამ მხარეებშია ჩამოყალიბებული, უპრიანია, გავახსენოთ (გავიხსენოთ ჩვენც!) ის გამოცდილება, რომელიც საქმეს შეიძლება სასიკეთოდ წაადგეს.
ამიტომაა ნაპოლეონ ქარქაშაძისთვის ჩამორთმეული ეს ინტერვიუ აფხაზური აქცენტით.
- აფხაზეთში წასვლამდე, - იხსენებს ბატონი ნაპოლეონი, - სოხუმი ისეთივე ქალაქი მეგონა, როგორც ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი და, ალბათ, არ ვიყავი გამონაკლისი - ასე ფიქრობდა ქართველების უმრავლესობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თბილისიდან დანახული აფხაზეთი სულ სხვაა, ვიდრე ის, რომელიც სინამდვილეშია. აფხაზეთის პრობლემები რომ შეიგრძნო, იქ უნდა ცხოვრობდე და მუშაობდე, თბილისიდან დასასვენებლად ჩასული კაცი ამას ვერ გაიგებს.
- აფხაზეთში სამუშაოდ თქვენ 1975 წელს ჩახვედით, 1978 წელს კი დაიწყო ცნობილი გამოსვლები აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფის მოთხოვნით...
- პირველი, რაც აფხაზეთში ჩასვლისთანავე დავაფიქსირე, იყო ის, რომ სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორობას დიდი პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა. ჩვენთან იკრიბებოდნენ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები, ხდებოდა ქართული აზრის შეჯერება.
გახსოვთ, ალბათ, ყბადაღებული “გამარჯვებული სოციალიზმის” კონსტიტუცია, რომლის პროექტის ე.წ. საერთო-სახალხო განხილვა ჯერ კიდევ 1977 წლის ბოლოდან დაიწყო.
აფხაზების ნაწილმა მოინდომა ამ მომენტის გამოყენება, კატეგორიულად მოითხოვეს ფხაზეთის საქართველოდან გამოყოფა. სოხუმში ლენინის სახელობის მოედანზე იკრიბებოდა ათასობით აფხაზი, ატარებდა სადღეღამისო მიტინგებს. დღის განმავლობაში მოედანზე 35-40 ათასი კაცი გროვდებოდა. იქ საველე სასადილოებიც კი მოაწყვეს. ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო.
- და ხელისუფლება ამ ყველაფერს გულხელდაკრეფილი შესცქეროდა?
- იმ პერიოდში დილიდან საღამომდე იმართებოდა პარტიის საოლქო კომიტეტის შემადგენლობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების გაერთიანებული სხდომები, რომელთაც თბილისიდან ჩამოსული მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ. აფხაზები მხარს უჭერდნენ მომიტინგეებს (народ требует!), ქართველები - პირიქით, ვგმობდით მათ მოქმედებებს და მოვუწოდებდით ძმობისკენ, ერთობისკენ. თბილისიდან მიგვითითებდნენ - შეეცადეთ არ გააღიზიანოთო, რაც ცხადია, იქაურ ქართველებში უკურეაქციას იწვევდა.
- რამე გაკეთდა სიტუაციის განსამუხტად?
- ერთ-ერთი მორიგი სხდომის მსვლელობისას, რომელიც პარტიის საოლქო კომიტეტის დარბაზში მიმდინარეობდა, ჩემთან მოვიდა საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის თანაშემწე და მითხრა, რომ ВЧ ტელეფონთან (მაღალი სიხშირის კავშირი) მიხმობდნენ. ტელეფონში ჯუმბერ პატიაშვილის ხმა გაისმა:
- ნაპოლეონ, დაელაპარაკეთ ბატონ ედუარდს.
- ნაპოლეონ, - მისალმების გარეშე დაიწყო შევარდნაძემ, - ხვალ იწურება ახალი კონსტიტუციის განხილვის ვადა. შეძლებ, რომ დილის 10 საათისთვის ლენინის მოედანზე უმრავლესობა ქართველები იყვნენ?
დავიბენი, მოედანზე ათასობით აფხაზი იდგა, ისინი წინააღმდეგობის გარეშე იქაურობას არ დათმობდნენ.
- შევეცდები, - ვუპასუხე მექანიკურად.
- უნდა შეძლოთ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ხვალ დილის 10 საათისთვის საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრებთან და მოსკოველ ამხანაგებთან ერთად მოედანზე ვიქნებით...
- აფხაზებმა მოედანი უბრძოლველად დათმეს?
- საბედნიეროდ, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა. დავადგინეთ, რომ ღამის 2-3 საათიდან მოედანზე 400-500 მეტი აფხაზი არ რჩებოდა, ძირითადი მასა დილის 10 საათიდან მოდიოდა და იწყებოდა მიტინგები... სტუდენტებისგან და ქალაქის “მაგარი ბიჭებისგან” შევქმენით 100-100კაციანი ჯგუფები, რომლებიც დილისი 6 საათისთვის ოთხივე მხრიდან შეერიენ მომიტინგეებს და... აფხაზებს ქართველები ჩაენაცვლნენ. 9 საათისთვის ჩვენი ინსტიტუტის წინ შეკრებილ სხვა ჯგუფებთან ერთად და სასულე ორკესტრის თანხლებით (რომელიც ზუგდიდიდან გამოგვიგზავნეს) დავიძარით ცენტრალური მოედნისკენ. კოლონას გზადაგზა მასობრივად შემოუერთდნენ ქართველები და დანიშნულების ადგილზე უკვე 30-35 ათასი კაცი მივედით...
სულ “ტაშის გრიალით” მოვიწონეთ კონსტიტუციის პროექტი, სადაც აფხაზეთის გამოყოფაზე ლაპარაკიც არ იყო. დღევანდელი გადასახედიდან მარტივად ჩანს, მაგრამ მაშინ ჩვენ მთელი ღამე ვმოძრაობდით ქალაქში, ვკრებდით ხალხს, ვუხსნიდით, რომ ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე უნდა მოგვეხერხებინა ყველაფერი. აუცილებლად სათქმელია ისიც, რომ აფხაზეთის ქართული ხელმძღვანელობაც სერიოზულად გვეხმარებოდა. ერთობლივი ძალიმსხმევით ჩვენ ეს შევძელით - მაგარი ქართველები ცხოვრობდნენ მაშინ სოხუმში, ნაღდი კაცები.
მიტინგი დამთავრდა, პრობლემები დარჩა
- ასე ამოიწურა კონფლიქტი?
- არა. მეორე დღეს, მიტინგი რომ ჩავატარეთ, შევარდნაძემ მე და რეზო სალუქვაძეს, ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორს, გვითხრა, წავყოლოდით სოფელ ლიხნში.
80 ათასი აფხაზი დაგვხვდა იქ შეკრებილი. გადმოვიდა შევარდნაძე მანქანიდან, გადმოჰყვნენ კაპიტონოვი - საკავშირო ცეკას მდივანი, და ვალერი ხინთბა, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. გადმოვედით ჩვენც.
შევარდნაძემ დაადო თავი და პირდაპირ შევიდა ამ აბობოქრებული ხალხის მასაში. მივყევით ჩვენც. დაგვიშინეს, მაგრამ რა დაგვიშინეს! პომიდორები, კვერცხები სეტყვასავით წამოვიდა. ყველა ვცდილობდით, თავი აგვერიდებინა ამ შემოტევისთვის, მაგრამ ამაოდ. მე პომიდორი მომხვდა, რეზოს კვერცხი. ბაგრატ შინკუბა სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას და მანქანაში ჩაიკეტა. კაპიტონოვს კვერცხიც მოხვდა და პომიდორიც, დაესვარა კოსტუმი.
როცა ერთმა გაცეცხლებულმა კაცმა შევარდნაძეს მიმართა, რა უფლებით ჩამოხვედით აფხაზეთში და როგორ ბედავთ ხალხში გამოჩენასო, აუღელვებლად, უპასუხა:
- მე საქართველოს ხელმძღვანელი ვარ და არავის ვეკითხები, საქართველოს ტერიტორიაზე სად და როდის გადავადგილდები. ამიტომ ვერც ვერავინ შემიშლის ხელს აფხაზი კაცის ოჯახში მისვლაში, სადაც მიწვეული ვარო.
სუფრა ლიხნის კოლმეურნეობის თავმჯდომარის - აიბას ოჯახში იყო გაშლილი. მივედით. ოციოდ წუთი ვისხედით, დავილოცეთ და დავბრუნდით სოხუმში, სინოპში, ყოფილ სტალინის აგარაკზე. აფხაზეთის ხელმძღვანელები ქალაქში დარჩნენ, კაპიტონოვი ტანსაცმლის გამოსაცვლელად შევიდა აგარაკზე. შევარდნაძე მარტო დარჩა, იდგა გადასახედის მოაჯირთან და უყურებდა სოხუმს, სანაპიროს, რაც აქედან ხელის გულზე დადებულივით ჩანდა. შემდეგ შემოგვიბრუნდა და გვითხრა:
- ამის დაკარგვა იქნება?!
- არა, რა თქმა უნდა, - ვუპასუხეთ ჩვენ.
- ჰოდა, ერთი კაცის ხელმოწერაა საჭირო, რომ დავკარგოთ. რომ შევინარჩუნოთ, ყოველგვარ დათმობაზე უნდა წავიდეთ. მაშინ გადაწყდა უნივერსიტეტის გახსნა სოხუმში, ტელევიზიის, მუზეუმის. ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებას ყველა აღფრთოვანებით შეხვდა, ასეთი დათმობები ყველასთვის მისაღები არ იყო.
- მით უფრო, რომ პრობლემები ამით არ გადაწყვეტილა, დაძაბულობა არ ჩამცხრალა.
- ცხადია, არა. საამისო მიზეზები საკმარისად იყო. ერთ-ერთი მთავარი, ჩემი აზრით, პრობლემების შეუფასელობა იყო. ქართულ-აფხაზური ისტორიის საკითხების კვლევაში აფხაზების მხრიდან ჩართული იყვნენ ცნობილი ტიტულოვანი მეცნიერები, რომლებიც ხშირად ცალმხრივ დასკვნებს აკეთებდნენ. ჩვენი მხრიდან კი პასუხის გამცემი, ფაქტობრივად, არავინ იყო. ასპირანტებზე იყო მიგდებული ეს საქმე. როცა აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილს ამის შესახებ ვუთხარი, არ არისო პოლიტიკური ნება, მიპასუხა, და რა ვქნაო.
ჩემს სადარბაზოში ცხოვრობდა ცნობილი აფხაზი მეცნიერი, აკადემიკოსი ზურაბ ანჩაბაძე, რომელიც პედაგოგიური ინსტიტუტის, შემდეგ უნივერსიტეტის რექტორი იყო. იგი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ გენეტიკურად არც ერთი ერი აფხაზებთან ისე ახლოს არ დგას, როგორც ქართველები. მის ამ მოსაზრებას არ იზიარებდნენ სხვა აფხაზი მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ აფხაზები ამ კუთხის აბორიგენები არიან და ენათესავებიან ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს.
ქართველი მეცნიერები ამ კამათში არ ჩაებნენ - (“ეს მათი საქმეაო”, - იყო ასეთი ტენდენცია). პრობლემის ობიექტურად, კომპეტენტურად შესწავლა, დარწმუნებული ვარ, ბატონ ზურაბ ანჩაბაძის დასკვნის სასარგებლო იქნებოდა, რაც კონფლიქტის ესკალაციას შეამცირებდა, ეგებ, საერთოდაც ნულამდე დაეყვანა.
მოხდა პირიქით: როცა მეცნიერები განზე გადგნენ, მათი ადგილი დილეტანტებმა დაიკავეს, ხოლო მაქსიმალისტებმა ეროვნული მოძრაობიდან განაცხადეს, რომ აფხაზები ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული აფსუები არიან. ამ პოზიციამ, რომელიც მიტინგური მოხმარებისა იყო, კიდევ უფრო დაგვაცილა ქართველები და აფხაზები ერთმანეთს, კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა.
- ესე იგი, მხოლოდ ქართველების შეცდომების ბრალია მოვლენების იმგვარად განვითარება, რამაც შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მიგვიყვანა?
- მე შორსა ვარ ამ აზრისგან. რა თქმა უნდა, არა! მაგრამ შეცდომები ჩვენი მხრიდანაც რომ იყო დაშვებული, ამას რად უნდა დავუხუჭოთ თვალი?
- შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ ეს შეცდომები?
- არა მარტო შემიძლია, არამედ აუცილებელიცაა, რომ დავასახელო. მაგალითად, აფხაზებმა იცოდნენ, რა სურდათ, როგორ, რა გზით უნდა განეხორციელებინათ თავიანთი ჩანაფიქრი. საქართველოს ხელისუფლებას კი აფხაზებთან ურთიერთობის მეცნიერულად, გნებავთ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად ღირებული კონცეფცია არ გააჩნდა. ჩვენი ტაქტიკა “დათმობების პოლიტიკით” შემოიფარგლებოდა: მოითხოვეს? შევუსრულეთ; მოუნდათ? მივეცით.
არაფრად ვარგოდა საკადრო პოლიტიკა, განსაკუთრებით, მნიშვნელოვან რეგიონებში თბილისიდან მივლინებული კადრების შერჩევის საკითხში. მაგალითად, მიმაჩნდა (და ახლაც ასე ვფიქრობ), რომ პარტიის გაგრის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნობა ცენტრალური კომიტეტის დარგობრივ მდივანზე მეტი თუ არა, ნაკლები არ იყო. მაგრამ ამ თანამდებობაზე, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა (მაგალითად, თემო ხაჩიძეს, გოგი ჟორჟოლიანს დავასახელებ), ისეთ მოუმზადებელ, დაბალი კვალიფიკაციის, უთავმოყვარეო და ზოგჯერ კომიკურ ადამიანებს აგზავნიდნენ, რომ აფხაზებს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ,
გაგრა, ლიძავა, ბიჭვინთა ისეთი კურორტები იყო, სადაც, პრაქტიკულად, მთელი პოლიტბიურო ატარებდა შვებულებას. უნიათო და უგერგილო პირველ მდივნებთან “დერჟავას” ხელმძღვანელები საერთოს ვერაფერს პოულობდნენ, აფხაზებს კი პირდაპირი გზა ჰქონდათ გახსნილი.
გაგრისა და მოსკოვის “მოკლე ჩართვა”
უმაღლეს ელიტასთან დაახლოებამ გაათამამა აფხაზები და გააბედვინა გამოყოფაზე საკითხის დაყენება, რაც საბჭოთა კავშირის ნებისმიერ რეგიონში, უმკაცრესი რეპრესიებით თუ არა, “ხელმძღვანელობის გაუმჯობესების მიზნით” ადგილობრივი კადრების დაფერთხვას გამოიწვევდა.
ყველაფრის პატიების პოლიტიკა ნიკიტა ხრუშჩოვიდან მოდიოდა, რომელიც, ყველა მორიგი ღრეობის შემდეგ, აფხაზებს საქართველოდან გამოყოფას ჰპირდებოდა.
- ბატონო ნაპოლეონ, ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, ეგებ, დაასახელოთ გვარები, რაც გინდა იყოს, კადრებზე ვლაპარაკობთ, ადამიანებზე.
- წასული საქმეა და ღირს ვითომ? ბევრი ცოცხალიც აღარ არის... თანაც, რასაც ახლა ვამბობ, თავის დროზეც მითქვამს, ახლა არ გავთამამებულვარ ზოგიერთებივით, განსაკუთრებით იმ “ექსპერტებივით”, რომლებიც იმ დროს დაბადებულიც არ იყვნენ, ახლა კი გვმოძღვრავენ...
- წიწილა კრუხს ჭკუას არიგებდაო?..
- ეგრეა დაახლოებით. მაშინ თბილისში ძლივს გავიტანე ჩემი წინადადება, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში (წყალტუბო, ფოთი) პირველ პირებად მოევლინებინათ აფხაზები. დამთანხმდნენ და... აფხაზი კოტე სალია ბოლნისის რაიკომის პირველ მდივნად აირჩიეს. ეს იდეის დევალვაცია იყო და აფხაზებსაც სასაცილოდ არ ეყოთ.
აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ზუხბაია, კარგი ორგანიზატორი და პროფესიონალი, თბილისში რაღაც კომისიის თავმჯდომარედ გადმოიყვანეს. ხოლო პარტიის საოლქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგე ჯემალ ბერიძე, კაცი, რომელიც ხუთი თითივითი იცნობდა აფხაზეთს, და რომლის მეორე მდივნად დაწინაურებას ვთხოვდით აფხაზეთის ქართველობა ცეკას, სამხრეთ ოსეთში საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად გაუშვეს. იჩქარეს ვილი ალავიძის, ღირსეული და ავტორიტეტული მეორე მდივნის, თბილისში გადმოყვანა. მის ადგილზე კი მიშა წულაძე გამოუშვეს, ვისთვისაც აფხაზეთი ისეთივე უცხო იყო, როგორც იგი - აფხაზეთისთვის...
ჩემი აზრით, შეცდომა იყო აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის - ბორის ადლეიბას გათავისუფლებაც. მე მას კარგად ვიცნობდი. ხშირად ვწვევივარ მამაპაპურ სახლში. იგი, როგორც აფხაზეთის პირველი პირი, ცხადია, აფხაზურ საქმეს აკეთებდა, მაგრამ იმასაც ცდილობდა, რომ ქართული საქმე არ გაეფუჭებია. ანგარიშს უწევდა ქართველების ინტერესებსაც. შემიძლია ვთქვა, რომ იგი ყოველთვის ითვალისწინებდა ჩემს აზრს, ჩემს რჩევას ყურს უგდებდა.
- მაშ, რატომ მოხდა, რომ სწორედ მან, პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა, ხელი მოაწერა აფხაზი სეპარატისტების წერილს - ლიხნის მიმართვას? ეს რა, ქართული საქმე იყო?
- გეტყვით იმას, რისი მოწმეც ვარ.
ოთარ ზუხბაიამ, რომელიც მაშინ მეორე მდივანი იყო, დამიბარა თავისთან. მივედი. დამხვდა იქ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. ობეხეესესის უფროსი ჭანტურია, კიდევ რამდენიმე კაცი, რომლებიც, როგორც ოთარმა მითხრა, ბორის ადლეიბას მძახლის, ქართველი კაცის - შონიას დასაპატიმრებლად იყვნენ თბილისიდან ჩამოსული. ეს შონია ოჩამჩრეში საკონსერვო ქარხნის დირექტორად მუშაობდა, მაგრამ იმ დროს უკვე სამი თვის წასული იყო ამ თანამდებობიდან.
- საკონსერვოს დირექტორობა “ფულიანი ადგილი” იყო...
- კი, ასე იყო... მაგრამ აქ საქმე მარტივად არ იყო ბევრი ნიუანსის გამო. ადლეიბა მოსკოვში მკურნალობდა - გულის პრობლემები აწუხებდა. დავურეკეთ, ვუთხარით, რაც ხდებოდა. გვთხოვა, ახლა ამას ნუ გამიკეთებთ, ჩამოვალ, გავერკვევი და, თუ დასაჭერია, მე დავიჭერო.
დავურეკეთ თბილისს, ცენტრალური კომიტეტიდან კატეგორიულად აგვიკრძალეს ამ საქმეში ჩარევა: თქვენ არავინ გეკითხებათო.
დაიჭირეს შონია... ერთ თვეში გარდაიცვალა ციხეში.
დაბრუნდა მოსკოვიდან ადლეიბა. ერთ-ერთ დაკრძალვაზე შემხვდა, მკლავი გამომდო, განზე გამიყვანა, სხვას რომ არ გაეგონა ჩვენი საუბარი და სხვათა შორის მითხრა, რომ ის, რაც მოხდა, რაც მის მძახალს დამართეს, მისთვის შეფურთხებაა და “этого плевка я никогда не прощу!”.
ამის შემდეგ მოაწერა ბორის ადლეიბამ ხელი “ლიხნის წერილს” - პროტესტის ნიშნად... მიმაჩნია, რომ ეს უფრო პიროვნული შეუთავსებლობის მიზეზით მოხდა და არა პოლიტიკური მოსაზრებით... ასე იყო, თუ ისე, ადლეიბას წასვლის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა მდგომარეობა აფხაზეთში.
- ძალა მოიკრიბა მოძრაობა “აიდგილარამ” და, თუ არ ვცდები, თქვენ იყავით ინიციატორი მათი წარმომადგენლების შეხვედრისა ზვიად გამსახურდიასთან, ვისი ავტორიტეტიც და გავლენაც საზოგადოებრივ აზრზე იმ პერიოდში დღითიდღე იზრდებოდა, თუმცა არჩევნები, რომელშიც “მრგვალმა მაგიდამ” გაიმარჯვა, ჯერ ჩატარებული არ იყო.
- ეს დიდი თემაა და სალაპარაკოც ბევრია, მიფუჩეჩება არ გამოვა.
* * *
დავთქვით, რომ ინტერვიუს მომდევნო შეხვედრაზე გავაგრძელებდით.
(გაგრძელება იქნება)
www.geworld.net