პოლიტიკა
ჩვენ ძალიან ვაფასებთ აზერბაიჯანსა და თურქეთს, როგორც საქართველოს სანდო პარტნიორებს და მოკავშირეებს - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. „საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი, თავიანთი ქვეყნების კეთილდღეობის მიზნით, თანამშრომლობის განმტკიცებას აპირებენ“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შედეგების შეფასებისას.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სტამბულში გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, თურქეთის - მევლუთ ჩავუშოღლუმ და საქართველოს - დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას და განიხილეს 2017-2019 წლებში თანამშრომლობის გეგმის განხორციელების პროცესი.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ აზერბაიჯანსა და თურქეთს, როგორც საქართველოს სანდო პარტნიორებსა და მოკავშირეებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა სტრატეგიული პარტნიორობის გაუმჯობესებისათვის მოიტანს ერთობლივ სარგებელს ჩვენი ქვეყნებისათვის", - განაცხადა ზალკალიანმა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

მისი თქმით, რეგიონში სტაბილურობისთვის სამმხრივ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი მდებარეობენ ენერგო და სატრანსპორტო გზაჯვარედინზე, ეს ქვეყნები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ნახშირწყალბადების კასპიის ზღვიდან ევროპულ ბაზარზე მიწოდებაში. ჩვენ უკვე წარმატებით განვახორციელეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ენერგეტიკული პროექტები. ამავდროულად დავადასტურეთ მზადყოფნა, რომ განვაახლოთ ძლიერი, კონსოლიდირებული ძალისხმევა სამხრეთ კორიდორისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტების რეალიზაციისთვის", – განაცხადა ზალკალიანმა.

ქართველმა მინისტრმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივით, თავის კოლეგებს შესთავაზა თბილისის ფორუმის დაფუძნება, რომლის მიზანი იქნება შავი ზღვის რეგიონისა და კავკასიის გარდაქმნა თანამშრომლობისა და მშვიდობის სივრცედ.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, 2012 წლიდან მოყოლებული, წელიწადში ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს და განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონულ საკითხებს. წინა შეხვედრა 2017 წლის სექტემბერში ბაქოში გაიმართა.