საზოგადოება
კახა კალაძე - ჩვენ საპასუხო რეჟიმში ვეკონტაქტეთ ოპონენტებს, რა დროსაც, საზოგადოების რეალური პრობლემები გვერდით დარჩა

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში, არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ამის შედეგი იყო ისიც, რომ პარტია მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ეყრდნობოდა, რამაც, მისივე შეფასებით, განწყობების აღქმა შეასუსტა.

ამის შედეგი იყო ისიც, რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა. თუმცა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსიგამოფხიზლება“, ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია.

სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილიც, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნებისას: გუნდში გასაძლიერებელია პოლიტიკური მენეჯმენტი, გასაძლიერებელია კომუნიკაცია, გასაძლიერებელია ინსტიტუტები, გადაწყვეტილებები უნდა გახდეს უფრო სწრაფი და ეფექტიანი, შედეგზე, ადამიანების რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული“, – განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, გზავნილი მიღებულია და ქართული ოცნება მზად არის, გამოწვევას უპასუხოს.

გზავნილი მიღებულია და ჩვენ მზად ვართ, ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. ბუნებრივია, ჩვენ ვართ თვითკრიტიკულები, ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა სუბიექტური ფაქტორის აღმოფხვრაზე, თუმცა პრობლემებს აქვს ობიექტური მიზეზებიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი შეფასებით, მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, „ბოლო რესურსებით ამუშავებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და სრულად ნეგატიურმა კამპანიამ“ თავისი შედეგი გამოიღო.

ჩვენ საპასუხო რეჟიმში ვეკონტაქტეთ ჩვენს ოპონენტებს, რა დროსაც, საზოგადოების რეალური პრობლემები გვერდით დარჩა. სწორედ ის პრობლემები, რომელთანაც მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ გამკლავებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ქართული ოცნება საკუთარი ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად განიხილავს, რომ პარტიამ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ წარადგინა.

არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ   პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი.

დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკვეთა ორი პოლუსი, როცა არჩევანი გასაკეთებელია სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას“, – განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე, რომელიც ქართული ოცნების ოფისში გაიმართა.