საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასურსათო ვაუჩერები ქვეყნის მოსახლეობას მიმდინარე წლის 10 მარტიდან დაურიგდება.
მანვე გაახმიანა პრეზიდენტის მოწოდება მოსახლეობისადმი, სადაც სააკაშვილი მათ სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
„მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოჩენა ჩვენი თანამემამულეების მიმართ, ვისაც უფრო მეტად უჭირს. ამიტომ პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, ვაუჩერი გადასცენ მათ, ვისაც დახმარება უფრო მეტად სჭირდება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.პრეზიდენტის ამ მოწოდებას აქტიური გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტფორუმებზე. ხალხის ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილს ფასების მიმართულებით წარმოებული საკუთარი პოლიტიკის შედეგების შეეშინდა და მსგავსი განცხადება ამიტომ გააკეთა. ზოგიერთი კი არც იმას გამორიცხავს, რომ მსგავს პოლიტიკას გაზაფხულზე მართლაც მოჰყვეს მოვლენების არასასურველი განვითარება.
როგორც ცნობილია, სასურსათო ვაუჩერებამდე ხელისუფლებამ, როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებდნენ, „ინფლაციის შესაჩერებლად“, ენერგოვაუჩერები დაარიგა, რაც ისევ საკუთარ პიარკამპანიას მოახმარა – ნაციონალური ტელეარხები ყოველდღიურად აშუქებდნენ პოლიტიკოსთა „20–ლარიან ქველმოქმედებას“. ტელეშოუების მორიგ სერიას მმართველი გუნდი სწორედ 10 მარტიდან შემოგვთავაზებს.
გაჭირვებულების დახმარება ხელისუფლებას გაცილებით უფრო მარტივად შეუძლია. მის ხელთ, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის მოსახლეობის მატერიალური მონაცემები და მას შეეძლო, თუნდაც სოციალურად დაუცველი ფენისთვის, გაენაწილებინა ის თანხა, რომელიც გადანაწილდა ყველა ოჯახზე, მიუხედავად იმისა, ესაჭიროება რომელიმეს ეს ვაუჩერი თუ არა. სამწუხაროდ, ეს არ ხდება, რაც, ალბათ, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, საკუთარ თავს რეკლამა გაუკეთოს. თუმცა საკითხავია, რამდენად გამოსდის, რადგან, „ნაცმედიის“ ინფორმაციები, როგორც წესი, რეალობას იშვიათად ემთხვევა და მოსახლეობამ ეს მშვენივრად იცის.