სამართალი
სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას შვიდი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას შვიდი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ის ასევე დამნაშავედ ცნეს ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდზე და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საუბარია 2005 წელს გატაცებულ ვამეხ აბულაშვილსა და კახა დაბრუნდაშვილზე, რომელთა საქმეები გირგვლიანის ეპიზოდთან გააერთიანეს. გამოძიების ინფორმაციით, პირადი შურისძიების მოტივით მითითებული პირები ოქროყანის სასაფლაოზე პირადად ახალაიამ გაიტაცა.

დათა ახალაია სასმართლომ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადამეტებაში, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და ადამიანის ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენების გამო. ახალაიას სანდრო გირგვლიანის, ლევან ბუხაიძის, კახა დაბრუნდაშვილის და ვამეხ აბულაშვილის ეპიზოდზე საბოლოოდ განესაზღვრა შვიდი წლით და ექვსი თვის ვადით პატიმრობა და ერთი წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება.