პოლიტიკა
დავით ბაქრაძე გამოდის ინიციატივით, მეორე ტურისთვის ოპოზიციურმა პარტიებმა საკოორდინაციო შტაბი შექმნან

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბი, სადაც, მისივე თქმით, ყველა ერთად, კოორდინირებულად მეორე ტურში ხმების კოორდინირებულად მობილიზებისთვის იმუშავებს.

„გუშინ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ მიუხედავად ჩვენ შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ მხარს დავუჭერთ გრიგოლ ვაშაძეს და მოვუწოდებთ მხარდამჭერებს ანალოგიური მხარდაჭერისკენ.

დღეს კონკრეტული ინიციატივით გამოვდივარ, რომ მეორე ტურისთვის უკეთ მოსამზადებლად, შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი, სადაც ყველა ერთად კოორდინირებულად ვიმუშავებთ მეორე ტურისთვის მომზადებისა და გამარჯვებისთვის. რა თქმა უნდა, გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს საკუთარი შტაბი, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ამოცანაა დამატებითი ხმების მოზიდვა და ოპოზიციური პარტიების ერთად მუშაობა, გამოვდივარ ინიციატივით, შევქმნათ ერთობლივი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც იმუშავებს სწორედ იმაზე, რომ მეორე ტურში ოპოზიციის ხმები ერთიანად და კოორდინირებულად იქნეს მობილიზებული“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძე სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებსაც მიმართავს, რომ საკოორდინაციო შტაბის მუშაობას შეუერთდნენ.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სხვადასხვა პროდასავლურ პარტიებს შტაბის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უკვე გამოთქვა სურვილი, რომ მეორე ტურისთვის კოორდინირებულად იმუშაოს. მინდა სხვა პარტიებსაც მივმართო და მათაც მოვუწოდო, მონაწილეობა მიიღონ საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.