პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი - რატომ არის მიღებული სამხრეთ კავკასიაში ჩამოსვლა პუტინთან შეხვედრის შემდეგ

     23 აგვისტოს, მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თბილისში ჩამოვიდა, საიდანაც ბაქოსა და ერევანში გაემგზავრა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის სამხრეთკავკასიური ტურნე 2 თვის შემდეგ შედგა და ისიც - კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, თუმცა საქართველოს ჯონ ბოლტონი აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ 25 ოქტომბერს ეწვია.

     რა არის ეს - დამთხვევა თუ სსრკ-ის დროინდელი ტრადიცია, როცა მაღალი რანგის უცხოელი სტუმრები მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქებს საბჭოთა კავშირის დედაქალაქის შემდეგ სტუმრობდნენ? - ეს შეკითხვა დავუსვით საქინფორმის მთავარ რედაქტორს არნო ხიდირბეგიშვილს, რომელმაც 3 სექტემბერს გააკეთა პროგნოზი, რომ საქართველო იძულებითი არჩევანის წინაშე დადგება - ან ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა განაგრძოს, ან აშშ-სთან - სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა.

 ა.ხ.: შეუძლებელია სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკის აგება და ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, თუ წინასწარ ცნობილი არ არის მათ შესახებ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოზიცია.

 - მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ამის შესახებ ერთ სიტყვასაც არ ამბობენ, ბოლტონმა მხოლოდ დაადასტურა ფაქტი, რომ „რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას საქართველოს საკითხზე იმსჯელა“.

 - ბოლტონი სააკაშვილის მსგავსად მოლაყბე არ არის, რომ ჟურნალისტებთან უმაღლეს დონეზე კონფიდენციალური საუბრების დეტალები გათქვას, ამიტომ მათი შინაარსის მხოლოდ მიხვედრა თუ შეიძლება. ისევე, როგორც სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ევროპული და ამერიკული პოლიტიკის შემოქმედთა ვიზიტების ჭეშმარიტი მიზნების.

 - ანალიტიკურ პუბლიკაციაში „გერმანია რუსეთს საქართველოს გულისთვის არ დაემდურება“ თქვენ განაცხადეთ, რომ გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტის რეალური შედეგი იყო „3 არა“: ნატო - არა, ევროკავშირი - არა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - არა. როგორია სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოში ტრამპის მრჩევლის ვიზიტის შედეგები?

- ისინი ბევრი რამით იდენტურია. უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ მიუხედავად საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებისა, რომ „საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა ახალ, უპრეცედენტოდ მაღალ და ყოვლისმომცველ დონეზე გადავიდა“, ბოლტონმა, ისევე, როგორც მერკელმა, მხოლოდ და მხოლოდ რიტუალური განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ტრადიციულად შეშფოთება გამოთქვა რეგიონში უსაფრთხოების საკითხების გამო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „საგანგაშო ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით“. ამასთან ბოლტონი, ისევე, როგორც მერკელი, საგულდაგულოდ არიდებდა თავს ტერმინ „ოკუპაციას”.

ამავე დროს ბოლტონმა განაცხადა, რომ საქართველო არ არის რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების 11 ნოემბერს პარიზში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგში. შემდეგი „არა“ გახდა უარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე საქართველოს კონტექსტში. და მესამე „არა“ გაისმა საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით.

 - კი მაგრამ, რატომ არ აგზავნის აშშ საქართველოში ახალ ელჩს, რომელიც აქ - ეს უპრეცედენტო შემთხვევაა! - უკვე თითქმის მთელი წელია, არ არის? თქვენი აზრით, რამდენად დამაჯერებელი იყო ბოლტონის განმარტება, რომ მან არ იცის, როდის დასრულდება ახალი ელჩის შერჩევის პროცესი, „რაც დაკავშირებულია სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესთან“ და რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი „მშვენივრად ხელმძღვანელობს ამერიკის საელჩოს“?

 - ელიზაბეტ რუდი მართლაც კარგად ართმევს თავს დროებით მოვალეობებს, ყველაფერი დანარჩენი კი არადამაჯერებლად ჟღერს. რეალური მიზეზი ის არის, რომ ახალმა ელჩმა მტკიცედ უნდა გაატაროს საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ახალი პოლიტიკა, რომელიც დღეს, ურთიერთდაკავშირებული პრობლემების ფართო სპექტრის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის გაურკვეველი პოზიციებიდან გამომდინარე, მხოლოდ ჩამოყალიბების სტადიაშია. პირველ რიგში, ეს არის ირანის პრობლემა. ხოლო სანამ ტრამპი წყვეტს - თეირანი დაბომბოს, როგორც ბოლტონი ურჩევს, თუ ირანს შეურიგდეს, როგორც ფხენიანს, მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ანუ იგივე ბოლტონი კავკასიაში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ირანთან სავაჭრო ურთიერთობის შეკვეცა გვირჩიოს, სამაგიეროდ კი საქართველოს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა შესთავაზა, სომხეთს და აზერბაიჯანს - ამერიკული შეიარაღების შესყიდვა, რომელიც „უკეთესი ხარისხისაა და უფრო იაფი, ვიდრე რუსული“, და რომელსაც აშშ საქართველოსა და უკრაინაზე ყიდის.

- 3 სექტემბერს პუბლიკაციაში „აშშსაქართველოს და აზერბაიჯანს ევრაზიულ კავშირში უბიძგებს“, თქვენ განაცხადეთ, რომ „საქართველოსთან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მიუხედავად, ირანთან თანამშრომლობის გამო აშშ- შეუძლია, ჩვენ წინააღმდეგ სავაჭრო-ეკონომიკური სანქციები გამოაცხადოს“. ამავე პუბლიკაციაში თქვენ წერთ, რომ „რუსეთის, ირანის, თურქეთის და ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების და საბაჟო გადასახადების გამოცხადებით აშშ-მა ირიბად ეკონომიკური ომი გამოუცხადა საქართველოს, ვინაიდან ყველა ჩამოთვლილი ქვეყანა საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია - იმპორტიორი, ექსპორტიორი, ინვესტორი“.

 - კიდევ ერთხელ ვიმეორებ: შედეგად საქართველო იძულებული იქნება, უარი თქვას 80-მილიონიანი მოსახლეობის მქონე რეგიონული პარტნიორის - ირანის მდიდარ ტურისტულ, ენერგეტიკულ და საინვესტიციო პოტენციალზე, კერძოდ:

- უარი თქვას აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის მონაწილეობით შავი ზღვის სპარსეთის ყურესთან და ინდოეთის ოკეანესთან შემაერთებელი სატრანსპორტო დერეფნის პროექტში მონაწილეობაზე;

- უარი თქვას ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის და რუსეთის მონაწილეობით ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო ენერგეტიკულ მარშრუტში მონაწილეობაზე;

- უარი თქვას ირანული კომპანია Geopars-ის მიერ საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობაზე ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში, სადაც მდებარეობს ნავთობის ტერმინალი, რომელშიც აზერბაიჯანიდან ბაქო-სუფსის მილსადენით მიეწოდება ნავთობი, შემდეგ კი მსოფლიო ბაზარზე გადის. 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელება, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნის გარდა, საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ საგრძნობლად შემცირდეს საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი, არამედ მისი საექსპორტო პოტენციალიც გაიზარდოს;

- უარი თქვას ირანთან საქონელბრუნვაზე, რომელმაც 2017 წელს თითქმის 200 მილიონ დოლარს მიაღწია, საიდანაც ქართული პროდუქციის ექსპორტი 80 მილიონ დოლარს შეადგენდა (წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე 2018 წელს ეს მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა იმის გათვალისწინებით, რომ ირანში ქართული მინერალური წყლების, ხილ-ბოსტნეულის წვენების და კონსერვების, ჩაის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და საფეიქრო პროდუქციის ექსპორტი დაიწყო);

- უარი თქვას საგანგებო ლოგისტიკური ცენტრების შექმნაზე ირანის პორტებში - როგორც სპარსეთის ყურეში, ისე კასპიის ზღვაზე, რაც ქართველ გადამზიდველებს ირანის ნებისმიერ პორტში შესვლის და ტვირთის მიღების უფლებას მისცემდა. ეს ხელს შეუწყობდა ირანს, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოებს შორის ტვირთბრუნვის გაზრდას;

- უარი თქვას ქართული სატრანსპორტო საშუალებებისთვის ირანში შეძენილ საწვავზე 70% ფასდაკლებაზე, რაც ირანის ბაზარზე ქართველი გადამზიდველების კონკურენტუნარიანობას გაზრდიდა.

     მიიღებს თუ არა საქართველო სანაცვლოდ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, ცნობილი არ არის: „ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს“, - ძუნწი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელისუფლებას ჯონ ბოლტონმა.

 ესაუბრა მაია ჯავახიშვილი
2018 წლის 29 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი