სამართალი
ექსპრემიერი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი 2018 წლის ივნისში დატოვა. მოგვიანებით იგი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საერთაშორისო მრჩეველი გახდა – ის უზბეკეთის მთავრობას სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის დიალოგისთვის პლატფორმის შექმნაში დაეხმარება.

მე არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას. ძალზე საინტერესო საქმე მაქვს", - ციტირებს კვირიკაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც სოფელ ქვეშეთში კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ძვირად ღირებული სახლის მშენებლობას ეხება. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მან მიწის ნაკვეთი 10 წლის წინ შეიძინა, ხოლო სახლის მშენებლობა 2010 წელს დაასრულა, მანამდე, ვიდრე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა.

სამწუხაროა, რომ არ იქნა ჩემგან ინფორმაცია გამოთხოვილი ან გადამოწმებული. ჟურნალისტმა იხელმძღვანელა მარტო 2016 წლის საჯარო რეესტრის ჩანაწერით. არადა, უფრო მეტი რომ მოეკვლია, მინიმუმ, მაინც უნდა ენახა ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2012 წლიდან ივსება და 2012 წელსაც მაქვს აღნიშნული, რომ იქ იყო არა მხოლოდ მიწის ნაკვეთი, არამედ სახლიც. პატიოსნად ვიმსახურე, სადაც ვიმსახურე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

„2006 წლიდან 2011 წლამდე ბანკის გენერალური დირექტორი ვიყავი და სიუჟეტში ნაჩვენები სახლი ბანკში მუშაობის დროს მიღებული ხელფასით ავაშენე... ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიგოთ სიმართლე, რათა მოსახლეობამ გაიგოს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერობის დროს არ გამდიდრებულა", - აღნიშნა ექსპრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) 2017 წლის კვლევა გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოში ღარიბების რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში 2,1%-დან 5%-მდე გაიზარდა. UNICEF-ის ექსპერტებმა ამის მიზეზად ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, უმუშევრობა და სამომხმარებლო ფასების ზრდა დააახელეს.

ამასთან, კვირიკაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება პარტია "ქართული ოცნების" მმართველ გუნდთან გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. მისი სიტყვებით, საქმე ეხებოდა მისი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას. გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სათავეში 2015 წლის დეკემბრიდან ორწლინახევრის განმავლობაში იყო.