აქტუალური
ცესკო: 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 38,16%-ია

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. 17:00 საათის მონაცემებით, არჩევანი ამომრჩეველთა 38,16%-მა (1 337 284) გააკეთა. 15:00 საათისთვის ეს მონაცემები 30,98% იყო.

„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში - 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში -28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს, აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 2013 წელს - 39.1 % იყო“, - განაცხადა ცესკოს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია.

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად მზადაა 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.