პუბლიკაციები
გია ხუხაშვილი: ხელისუფლება მდგომარეობის გამოსწორებაზე მხოლოდ საუბრობს, ქმედით ღონისძიებებს კი არ ატარებს, ფასების ზრდამ, შესაძლოა, ქვეყანაში სოციალური ბუნტი გამოიწვიოს!

gia_xuxashსოფლის მეურნეობის მინისტრის – ბაკურ კვეზერელის დაპირების მიუხედავად, რამდენიმე დღის წინათ პური ისევ გაძვირდა. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი თურმე საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის გაძვირება გახდა. მეპურეების ერთმა ნაწილმა პურის 10 თეთრით გაძვირება გადაწყვიტა, მეორე ნაწილმა კი ტრადიციულ ხერხს მიმართა და პურის წონა შეამცირა. ორი კვირის წინათ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში 3 თვის ხორბლის მარაგი გვაქვს და პური არ გაძვირდებაო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, პური გაძვირდა.

საქართველოში ფასების მატების თავიდან ასაცილებლად სასურსათო რეზერვები არ არსებობს. ამიტომ საქართველო მსოფლიოში, ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე პროცესები ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახება.

ამას ხელს მონოპოლიზებული ბაზარიც უწყობს. შესაბამისად, თუ სხვა ქვეყნებში პროდუქტი 2–3%–ით ძვირდება, საქართველოში ეს მაჩვენებელი ხშირად 10–ჯერ და 20–ჯერ მაღალია.

 

ფასების ზრდის ტენდენციაზე და ინფლაციაზე საქინფორმის კორესპონდენტს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- ბატონო გია, მიუხედავად ბაკურ კვეზერელის დაპირებისა, რომ პურის ფასი უახლოეს მომავალში აღრ გაიზრდებოდა, რამდენიმე დღის წინათ პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა. თქვენი აზრით, ეს გარდაუვალი პროცესია?

– მოგეხსენებათ, რომ პროდუქტთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში გლობალური დაძაბულობაა. ამ მდგომარეობით სარგებლობენ მონოპოლისტი კომპანიები და ხელს ითბობენ. ბაზრის არასტაბილურობის გამო თავს იზღვევენ და ზემოგებებზე მუშაობენ. გარდა ამისა, გამომდინარე მათი მონოპოლისტური სტატუსიდან, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა მოგება გაზარდონ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ეს ზემოგებები უპრობლემოდ შერჩებათ.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველო ფასების ზრდის ტენდენციით პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე ადგილზეა, თუ სხვა ქვეყნები ახერხებენ ფასების დარეგულირებას, საქართველოში ეს რატომ არ კეთდება?

– სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზებია. ერთი ის არის, რომ სოციალურ რისკებს ერიდებიან და ცდილობენ, ფასები დაიჭირონ. ზოგან საბაზრო კონკურენცია კარგადაა განვითარებული და ფასებს ბაზარი არეგულირებს. რაც შეეხება საქართველოს, ეს ორივე ფაქტორი იმდენად სუსტია, რომ ფასების კონტროლი ვერც ხერხდება და არც არავინ იწუხებს ამით თავს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხელისუფლება პირდაპირ მონაწილეობს კომპანიების მიერ მიღებული მოგების განაწილებაში, მათი პირდაპირი ინტერესია მაღალი ფასების დაწესება. ხელისუფლებას სოციალური რისკების კი ეშინია, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდენადაც არა, რომ ფასები არეგულიროს. გარდა ამისა, არის მესამე ფუნდამენტური მიზეზი. ესაა შიგა წარმოების არარსებობა. მოგეხსენებათ, მეზობელ ქვეყნებში სოფლის მეურნეობა ბევრად უფრო კარგად არის განვითარებული, ვიდრე საქართველოში. ძირითადი საკვები პროდუქტების მარაგი ადგილზე იწარმოება, რაც არის საუკეთესო საშუალება ფასების დარეგულირებისა. ჩვენ კი გამომდინარე იქედან, რომ მომხმარებელ ქვეყნად ვიქეცით, რაც თავისთავად არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია, მდგომარეობა სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით უფრო მძაფრია. ზუსტად ამიტომ ვართ, ფასების ზრდის თვალსაზრისით, ხან პირველზე და ხან მეორე ადგილზე.

– ამბობენ, რომ ფასების ზრდის ტენდეცია, შესაძლოა, ზაფხულამდე შენარჩუნდეს. რა შეიძლება გამოიწვიოს ამან?

– ძნელია იმის თქმა, რამდენს მოითმენს მოსახლეობა ან სად გადის ის კრიტიკული ზღვარი, რის შემდეგაც შეიძლება სოციალური ბუნტი დაიწყოს ქვეყანაში. დღეს საშუალო შეძლების მქონე ადამიანის ცხოვრების დონე სავალალოა, თუ უკიდურესად გაჭირვებული არა. ეს მდგომარეობა, ზაფხულამდე ფასების ზრდის ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაუარესდება და მიაღწევს პიკს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე ვართ ჩამოკიდებული და საკუთარი პროდუქციის არანაირი მარაგი არ გვაქვს. საერთაშორისო ბაზარზე კი დღეს არაკონტროლირებადი სიტუაციაა ფასების მხრივ. ზაფხული და შემოდგომა ნაკლებად ინფლაციური პერიოდია, მაგრამ, თუ ჩვენ არ დავიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას და არ შევცვლით ბალანსს ადგილობრივი წარმოების გაზრდით, სიტუაცია მომავალშიც არასახარბიელო იქნება. ის, რომ ზაფხულსა და შემოდგომაზე, შესაძლოა, ინფლაციური მომენტები შემცირდეს, საბოლოო ჯამში არაფერს ნიშნავს, რადგან შემოდგომას ისევ მოჰყვება ზამთარი.

– ინფლაციას რაც შეეხება, რა ბერკეტები არსებობს ინფლაციის შესაჩერებლად და იყენებს თუ არა მათ საქართველოს ხელისუფლება?

– საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ლაპარაკობს ამაზე, საქმით კი არაფერს აკეთებს. ამ მდგომარეობის გამოსწორებას კი მარტო ლაპარაკი არ შველის. რაღაც ბერკეტები მდგომარეობის გამოსასწორებლად ეროვნულ ბანკს გამოყენებული აქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ინფლაციის შემაკავებელი ბალიში, ასევე, შეიძლება იყოს ჯანსაღი კონკურენციაც, თუმცა ამაზე საუბარი ზედმეტია საქართველოში. ხელისუფლება ინფლაციური პროცესების მოგვარებაზე საუბრობს, მაგრამ ქმედით ღონისძიებებს არ ატარებს.

–  რა არის სჭირო იმისთვის, რომ დარეგულირდეს ფასები პროდუქტებზე და შეჩერდეს ინფლაცია?

– ეს უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად. პირველ რიგში, ადგილობრივ სოფლის მეურნეობას, სიტყვიერი კი არა, რეალური სტიმულები უნდა მიეცეს სწრაფი განვითარებისთვის. სასურსათო უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ეს გრძელვადიან პერსპექტივებში სტაბილური ფასების გარანტიებს შექმნის. მეორე. ეს არის კონკურენტული გარემოს შექმნა. როდესაც ფასებს მონოპოლისტები კი არ დააწესებენ, არამედ ფასების დარეგულირება საბაზრო ეკონომიკისა და კონკურენციის ხარჯზე მოხდება; და მესამე. პოლიტიკური რისკები უნდა მოშორდეს საქართველოს ეკონომიკას. ამ სამი რამის გაკეთებას ჭირდება ძალიან ცოტა რამ. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება ჩვენი ხელისუფლებისა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს. თუმცა ასეთ პოლიტიკურ ნებაზე საუბარი, მგონი, უკვე დაგვიანებულია, რადგან ხელისუფლებამ შექმნა ისეთი სისტემა, რომლის მძევალიც თავადვე აღმოჩნდა.