საზოგადოება
2018 წელს საქართველოს პრეზიდენტი ექვსი წლის ვადით იქნება არჩეული

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტს ამომრჩეველი პირდაპირი წესით, ექვსი წლის ვადით, 2023 წლამდე აირჩევს.

პრეზიდენტის ექვსი წლის ვადით არჩევა გამონაკლისის წესით, ერთჯერადად დაშვებულია საქართველოს ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, რომელიც პარლამენტმა საბოლოოდ, მესამე მოსმენით მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა.

მმართველმა გუნდმა კონსტიტუციური პროექტის განხილვისას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ახალი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაწერილიყო, რომ ქვეყნის მოსახლეობა პირდაპირი წესით, პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით აირჩევდა.

„ქართული ოცნების“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა დასახელდა. როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური ინსინუაციები, თითქოს მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილს ებრძოდა და ამ მიზნით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესს აუქმებდა, „ქართული ოცნება“ გამონაკლისის სახით, პრეზიდენტის ექვსი წლის ვადით არჩევის ინიციატივით გამოვიდოდა.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ მოხდება, რომელიც პარლამენტისა და თვითმმართველობის 300 წარმომადგენლით დაკომპლექტდება. ახალი კონსტიტუცია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.