პოლიტიკა
ჩვენი ამოცანაა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მშვიდი გარემოს შენარჩუნება, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი - შსს

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენი ამოცანაა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მშვიდი გარემოს შენარჩუნება, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ქონია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას. ჩვენი ამოცანაა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მშვიდი გარემოს შენარჩუნება, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
ათი საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, რეგიონებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შესაქმნელად შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს.

ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას რეგიონებს შორის, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო“,- განაცხადა ჯავახაძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მათ უკვე მიეწოდათ.

სიტუაციის ეფექტური მართვის მიზნით, ცენტრალიზებულ დონეზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულ კოორდინაციაშია ადგილზე შექმნილ პოლიციის მობილურ ჯგუფებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში დამატებით მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“,- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.