საზოგადოება
ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. სოციოლოგიური კვლევებისა და ექსპერტების განცხადებით, მთავარი კონკურენტები არიან ნაცმოძრაობის წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს უჭერს გაერთიანება ძალა ერთობაშია“, კანდიდატი პარტიიდან ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვისდავით ბაქრაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო უჭერს.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 25-მა კანდიდატმა გაიარა, მათგან 19 - პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 6 - დამოუკიდებელი კანდიდატია.

ხმის მიცემას შეძლებს 3 მილიონ 518 ათას 890 ამომრჩეველი, მათი უმრავლესობა ქალია. უცხოეთში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საკონსულო აღრიცხვაზე 14 808 საქართველოს მოქალაქე დადგა.

სულ საარჩევნოდ გაიხსნება 3698 უბანი. აქედან 61 უბანი მდებარეობს უცხოეთში (44 ქვეყანაში), მათ შორის ორი - ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების დისლოკაციის ადგილებში.

ქვეყანაში მდებარე უბნების თითქმის ნახევარი ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის ადაპტირებულია. 209 უბანზე ბიულეტენები იქნება ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე, 133 უბანზე - ქართულ და სომხურ ენაზე, კიდევ ოთხ უბანზე ბიულეტენები სამივე ენაზე იქნება წარმოდგენილი.

გარდა ამისა, უბნების უმრავლესობა შშმ-პირთათვის ადაპტირებულია. უბნები აღჭურვილია პანდუსებით, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სპეციალური წარწერებით და მხედველობადაქვეითებულ პირთათვის ლუპებით.

საარჩევნო კომისიებში იმუშავებს 43 215 ადამიანი, აქედან 21432 - პარტიების წარმომადგენელი, დანარჩენები - ცესკოს წარმომადგენლები.

ბოლო მონაცემებით, არჩევნებზე იმუშავებს 50 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 1 206 დამკვირვებელი და 187 დამკვირვებელი ექვსი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ასევე იქნებიან დამკვირვებლები ორი ქვეყნის საელჩოდან და 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

საპრეზიდენტო არჩევნებს გააშუქებს 842 ჟურნალისტი, რომლებიც მასობრივი ინფორმაციის 27 საშუალებას წარმოადგენენ.