საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას წლის განმავლობაში დიდი ცვლილებები ელოდება.
„მე, სამწუხაროდ, დავბრუნდი პოლიტიკაში და მოვახერხებ, რომ გუნდში ვერტიკალი დავამყარო, ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ. პარტიაც გაძლიერდება. და მე მოვახერხებ იმას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვლება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, რადგან ხელისუფლებას მისი დახმარება სჭირდებოდა.
„მე გავაკეთებ ისეთ მენეჯმენტს, დავეხმარები გუნდს. ამისთვის მოვბრუნდი სწორედ, რომ მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ასე უპასუხა ივანიშვილმა შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს ის მოსახლეობის განწყობებს, რომ საქართველოში შესუსტებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, გაიზარდა კორუფცია, რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა აღარ იყოს.