სამართალი
აგვისტოს ომის გამოძიება მიდის წინ და მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე - ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს საპროკურორო ოფისის წარმომადგენელი

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საპროკურორო ოფისის წარმომადგენელი ფაქისო მოჩოჩოკო აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც მან თბილისში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი დონის რეგიონულ კონფერენციაზე აღნიშნა, გამოძიების დასრულების შესახებ ჯერჯერობით განცხადებას ვერ გააკეთებს.

გამოძიების დაწყებისთანავე ინტენსიურად ვმუშაობთ, ვაგროვებთ იმ მტკიცებულებებს, რომლებმაც საბოლოოდ პროკურორი უნდა მიიყვანოს კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე, თუ ვინ განსაჯოს. ეს პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, დიდი სიამოვნებით გეტყოდით, როდის დასრულდება მუშაობა, მაგრამ ამის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია, რადგან იმდენ ხანს გასტანს, რამდენიც აუცილებელი იქნება საჭირო და უტყუარი მტკიცებულებების შესაგროვებლად.

პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვაანალიზებთ იმ ინფორმაციას, რაც უკვე მოვაგროვეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ამავდროულად, ვხვდებით მოწმეებს და ვამოწმებთ მიღებულ ინფორმაციას, ჩვენ მივდივართ წინ და ეს გამოძიებაც მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, თუ, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ფაქისო მოჩოჩოკომ.

ფაქისო მოჩოჩოკო ამბობს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებს ძალისხმევას, რათა გამოძიების პროცესში რუსეთის ჩართვა უზრუნველყოს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

სამწუხაროდ, რუსეთი არაა ჩართული გამოძიების პროცესში, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარწმუნოთ ისინი, რათა ჩვენთან ერთად იმუშაონ. მაგრამ გამოძიება რუსეთის გარეშეც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა მათთან ერთად მუშაობა, რომ მოგვეგროვებინა ყველა სახის მტკიცებულება ორივე მხრიდან, მაგრამ თუ ამის ნება არ არის, მაშინ გავაგრძელებთ ძალისხმევას და ვიმუშავებთ იმ ინფორმაციით, რასაც მოვაგროვებთ“, – აღნიშნა ფაქისო მოჩოჩოკომ.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. მათ შორის გამოძიება შეეხება ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი ტყვეების წამებისა და მკვლელობის საკითხებს.