სამართალი
დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

dimitri-lortqifanidze22საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ამის მიზეზად ის ასახელებს, რომ ხელისუფლება მის მიერ დასმულ პრობლემებზე რეაგირებას არ ახდენს. ეს გადაწყვეტილება უმცირესობის წევრმა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ბოლო ვიზიტის შემდეგ მიიღო. ის მბობს, რომ ვერც ერთ კითხვაზე, რომელიც მან საზოგადოების დაკვეთით მოამზადა, პასუხი ვერც პრეზიდენტისგან და ვერც მმართველი გუნდის წევრებისგან ვერ მიიღო. ქვეყანაში არსებული განუკითხაობისა და პოლიტიკური ტერორის ერთ-ერთ მაგალითად დეპუტატს ზანდუკელის ქუჩაზე მომხდარი ფაქტი მოჰყავს, როდესაც პოლიციამ ძმები ლუტიძეების დაკავება გადაიღო. დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიციელებისთვის საყვედურის გამოცხადებას აპროტესტებს და მათ დასჯას კანონის მთელი სიმკაცრით ითხოვს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე:

- სხვა რა უნდა გაკეთოს ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენელმა, თუ არა მიიპყროს მსოფლიო დემოკრატიული ინსტიტუტების ყურადღება. სწორედ ეს გზავნილია ჩადებული პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაში და არა - თავის გადარჩენის სურვილი.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის – ლაშა თოდრიასთვის მისი მოადგილის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა, კოლეგის გადაწყვეტილებას არაადეკვატურს უწოდებს და ამბობს, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს პრობლემებზე საუბრის საშუალება მაღალი ტრიბუნიდან ყოველთვის ჰქონდა.