პოლიტიკა
ივანიშვილი: ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური ცდები არ ტარდება

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში ბიოლოგიური ცდები ტარდება.

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აჟიოტაჟი მოსკოვში 11 სექტემბერს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის სკანდალური განცხადების შემდეგ დაიწყო. მან გამოაქვეყნა რაღაც დოკუმენტები და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ლაბორატორიაში ტარდება ექსპერიმენტები ადამიანებზე, რომლებიც ლეტალური შედეგებით მთავრდება.

რა თქმა უნდა, ლუგარის ლაბორატორია და მსგავსი გამონათქვამები, რაც ახსენეთ, სიმართლეს არ შეესაბამება, არავითარი ქიმიური თუ ბიოლოგიური ცდები, არაფერი მსგავსი არ ტარდება, ეს არის ცილისმწამებლური გამონათქვამები. საპირისპირო განცხადებები ჩვენი მხრიდან ბევრი გაკეთდა და ვფიქრობ, ეს საკითხები უკვე დავიწყებულია. ალბათ, ეს არის იმ დიდი პოლემიკის ნაწილი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გიორგაძის შემდეგ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით მკაცრი განცხადებები რუსეთის ხელისუფლებამაც გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბიოლოგიური დაცვის მაღალი დონის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ფორმალურად ეკუთვნის, სინამდვილეში კი მას პენტაგონი მართავს. ის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გამომწვევების შესწავლის მიზნით აშშ-ის ინტერესებში გამოიყენება.

ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ცენტრი სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული და ადამიანებზე არანაირი ექსპერიმენტები იქ არ ტარდება. თუმცაღა, ცენტრის მცირე ნაწილი დაქირავებულია ამერიკელი სპეციალისტების მიერ. იქ მუშაობს სამი ამერიკელი, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსებს სწავლობენ.

შექმნილი შეშფოთების გასაქარწყლებლად ცენტრის ხელმძღვანელობამ უცხოელ, მათ შორის რუს ჟურნალისტებს ცენტრში გადაღების საშუალება მისცა - ერთი ოთახის გარდა, სადაც მიკროორგანიზმები, ვირუსები და შტამები ინახება. სპეციალისტების განმარტებით, ეს უსაფრთხოების მიზნით კეთდება.