საზოგადოება
რევოლუციური ტალღა საქართველომდეც მოაღწევს

burj_batiash_gafrindashწარმომადგენლობითი სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს აზრით, აფრიკაში დაწყებული რევოლუციური ტალღა საქართველომდეც მოაღწევს.

მსოფლიოში მიმდინარე რევოლუციურ ტენდენციებთან დაკავშირებით სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ნინო ბურჯანაძემ, ირაკლი ბათიაშვილმა, თემურ შაშიაშვილმა, ელიზბარ ჯაველიძემ და რეზო ესაძემ დღეს პრეს-კონფერენცია გამართეს.

"ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობიანი რევოლუციების ეს ტალღა საქართველოში აუცილებლად დაიწყება. “ძალა ხალხშია!" - სწორედ ეს არის სახალხო კრების არსი. სწორედ ამას ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს ჩვენი ერთიანობით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნებითა და ერთობლივი წინააღმდეგობით აუცილებლად დავამარცხებთ. ხალხის ძალას ყველაზე ძლიერი ავტორიტარული რეჟიმებიც კი ვერ უძლებენ! უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ეს დაამტკიცა. ახლა უკვე მსოფლიო თანამეგობრობა ღიად აღიარებს, რომ პოლიციური რეჟიმი სტაბილურია მხოლოდ იმ დღემდე, ვიდრე მოსახლეობის მოთმინების ფიალა არ ივსება. რასაც მსოფლიო გუშინ სტაბილურობის გარანტად თვლიდა, დღეს სტაბილურობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცა", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა და დასძინა, რომ "სააკაშვილის რეჟიმი დიდი საფრთხეა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის".

"ჩვენ დასავლელი პარტნიორებისთვისაც არაერთხელ მიგვიმართავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების იმიჯს ამოფარებული სააკაშვილი ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს და რომ მის მიერ შექმნილი ფსევდოსტაბილურობა ძალიან ფეთქებადსაშიშია. მხოლოდ ბევრ ხალხს შეუძლია, მშვიდობიანი გზით არა მარტო ქვეყანაში არსებული რეალობა შეცვალოს, არამედ სამართლიანი მოთხოვნებით საერთაშორისო თანმეგობრობის სრული მხარდაჭერა მოიპოვოს. ხელისუფლებას კი აქვს შანსი, სისხლი არ დაღვაროს და საკუთარი მოსახლეობის ნებას დაემორჩილოს", - განაცხადა ბათიაშვილმა.

მისი თქმით, "ის ადამინები, ვისაც ბაქრაძის კაბინეტში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე გამართული დისკუსიებით ხელისუფლების შეცვლა რეალურად მიაჩნია, მაზოხისტები არიან და თავს იტყუებენ".

"რა თქმა უნდა, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები ფარსია და მხოლოდ ამ რეჟიმისთვის დემოკრატიულობის იმიჯის შექმნასა და მის გახანგრძლივებას ემსახურება. ჩვენ შევცვლით არსებულ რეალობას და აღვასრულებთ ხალხის ნებას, ხალხის ნების მხარდაჭერა კი გარდაუვალია", - დასძინა ბათიაშვილმა.