საზოგადოება
სახელმწიფო კიბოს დაგიდგენს და არ განგკურნავს

anikashvili"ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე ონკოლოგიური დაავადებების პირველი და მეორე სტადიის მკურნალობის სახელმწიფოსგან დაფინანსება მოითხოვა. მისი აზრით, ონკოლოგიური ავადმყოფებისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება ცინიკურია, რადგან უფასოდ უდგენს, რომ აქვს დაავადება და შემდეგ მკურნალობის დაფინანსებაზე უარს ეუბნება, რაც მათ სასიკვდილოდ გაწირვას ნიშნავს.

"მაშინ, როდესაც ხელისუფლება საუბრობს, თუ როგორ ჰყავს დაზღვეული მოსახლეობა, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფასოდ შეუძლია, მინდა შევახსენო, რომ ასეთი ადამიანები მოსახლეობის მხოლოდ 30%-ია, ხოლო დანარჩენი 70% მოსახლეობის დაუცველი რჩება. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს საქართველოში ონკოლოგიური დაავადების სტატისტიკა საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენ გთავაზობთ, რომ ხელისუფლებამ დააფინანსოს ასაკის მიუხედავად სკრინინგის პროგრამის ფარგლებში პირველი და მეორე სტადიის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაც," – აღნიშნა ანიკაშვილმა.