საზოგადოება
პუტინმა საქართველო გენეტიკური ექსპერიმენტების საფრთხის შესახებ გააფრთხილა

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეშფოთება გამოხატა იმ განცხადებების გამო, რომლებიც ამერიკელების გენეტიკურ კვლევებს უკავშირდება, იუწყება РИА Новости.

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აჟიოტაჟი მოსკოვში 11 სექტემბერს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის სკანდალური განცხადების შემდეგ დაიწყო. მან გამოაქვეყნა რაღაც დოკუმენტები და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ლაბორატორიაში ტარდება ექსპერიმენტები ადამიანებზე, რომლებიც ლეტალური შედეგებით მთავრდება.

ვერ ვიტყვი, რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია. მე ვნახე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადება. რა თქმა უნდა, ეს საგანგაშოა. ეს კვლევები, თუ ისინი ნამდვილად ტარდება, ძალიან საშიშია და გენეტიკის დარგში ბოლო მიღწევებს უკავშირდება“, - განაცხადა პუტინმა სოჭში, კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ლაპარაკია პრეპარატების შემუშავებაზე, რომლებმაც, შესაძლოა, ადამიანებზე შერჩევითი გავლენა იქონიონ მათი ეთნიკური კუთვნილების შესაბამისად.

ლუგარის ლაბორატორიის გარშემო ატეხილი სკანდალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ საქართველოში მიიღეს ამ სამეცნიერო დაწესებულების კარის გაღების გადაწყვეტილება ჟურნალისტებისთვის, მათ შორის, რუსეთიდანSputnik–ის, რუსეთის პირველი არხისა და РИА Новости წარმომადგენლებისთვის. მასმედიის წარმომადგენლებმა ობიექტი 5 ოქტომბერს დაათვალიერეს, მაგრამ ყველაფრის გადაღების უფლება არ მისცეს.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განმარტა, რომ ტელე- და ფოტოგადაღება მიკროორგანიზმების, ვირუსებისა და შტამების უსაფრთხოების მიზნით იზღუდება. მისი თქმით, ამ კონკრეტულ ოთახში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ ოთხ ადამიანს და ბიომასალების გაჟონვა შეუძლებელია.

იმნაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ცენტრი სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული და ადამიანებზე არანაირი ექსპერიმენტები იქ არ ტარდება.

ლუგარის ლაბორატორია 2011 წლის მარტში თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. თავდაპირველად ის იყო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შემდეგ - შსს-, ხოლო ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.