საზოგადოება
ევროკავშირის ახალმა ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის ჯერ მზად არ არის

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. წინაასაარჩევნო გარემოსა და ამ ეტაპზე გამოვლენილ დარღვევებზე ილაპარაკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელი გაცნობის მიზნით მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან საარჩევნო საკითხების გარდა, ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.

რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირის წევრობას, თუ მეკითხებით, არის თუ არა დღეის მდგომარეობით საქართველო მზად ამისთვის, პასუხი იქნება - არა, არ არის მზად. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების ხელშეკრულება იძლევა ჩარჩოს, რათა საქართველო დაუახლოვდეს თავის მისწრაფებებს. ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ზუსტად ამაზეა მიმართული, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს რეფორმების გატარებისა და სამუშაოს განხორციელების გზით. მოგეხსენებათ, დღეს ბრიუსელში სხვადასხვა მოსაზრებებია ევროკავშირის გაფართოებაზე. თუმცა, ერთ რამეში ერთსულოვნებაა - ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ინსტრუმენტი, რათა საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს. რა იქნება მომავალში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ევროკავშირი მომდევნო წლებში“, - განაცხადა ჰარცელმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მანდატი შემდეგ საქმიანობას მოიცავს: საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერა სამთავრობო უწყებებს შორის ფართომასშტაბიანი კავშირების ხელშეწყობის გზით.

ასევე, ევროკავშირის ცნობადობის, მისი ინსტიტუტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზრდა; ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი; საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირის განვითარების შესახებ; ევროკავშირის პოლიტიკის ცალკეული მიმართულების განმარტება და დაცვა; ევროკავშირის დახმარების პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა.