სამართალი
საქართველოს პროკურატურა მზად არის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ყველა მტკიცებულება ბრიტანელ სამართალდამცველებს გადასცეს

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. პროკურატურა მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში, ბრიტანელ სამართალდამცველებს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ყველა მასალა და მტკიცებულება გადასცეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

ვგულისხმობ აუდიოჩანაწერს და ასევე სხვა მტკიცებულებებს, რაც ჩვენ მოვიპოვეთ უშუალოდ მკვლელობის მომზადების საქმეზე. ასევე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ 2016 წლის სექტემბერში გამოძიებამ ბრიტანეთის შესაბამის ორგანოებს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაეგზავნა მოთხოვნა მისი გარდაცვალების შესახებ ყველა დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

მისი თქმით, საქმეზე ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც სიმართლეს დაადგენს.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, საქმეზე სრულყოფილ გამოძიებას ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე გამოკვეთილია მკვლელობის მომზადების ფაქტი, თუმცა ვცდილობთ, სრულყოფილი გამოძიება ჩავატაროთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც სიმართლეს დაადგენს“, – განაცხადა პროკურორმა.

საქართველოს ხელისუფლებას დიდი ბრიტანეთის პოლიციისთვის ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით მოპოვებული აუდიოჩანაწერების შესახებ არ უცნობებია. ამის შესახებ ინფორმაციას OC-media ავრცელებს.

როგორც ინგლისის სარის საგრაფოს პოლიციამ მედიასაშუალებას განუცხადა, ბრიტანულმა მხარემ საქართველოში გამოძიების შესახებ მედიიდან შეიტყო.

ამასთან, პოლიციაში აღნიშნეს, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 2010 წელს ჩატარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ის ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა და ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებულია.