საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სუს-ის პრიორიტეტია, იმგვარად იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომ დემოკრატიული საარჩევნო გარემო არ დაზიანდეს.
„უკანასკნელ პერიოდში ჩვენ შემოგვდიოდა ოპერატიული სიგნალები, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში იგეგმებოდა ძალადობრივი პროვოკაციები. ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად ეს მცდელობები ჩანასახშივე იქნა აღკვეთილი.
ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე იმ მიზნით, რომ არ მოხდეს წინასაარჩევნო პროცესის დამძიმება, ამ ეტაპზე დეტალების გახმაურებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. თუმცა, შესაბამის დროს, საჭიროებისამებრ მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.
ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობაზე იქნება მყისიერი რეაგირება. არავის მივცემთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციის საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, გამოვლენილი აქვს, რა იგეგმებოდა პროვოკაციების მოსამზადებლად.