აქტუალური
აშშ-ის მთავრობამ საქართველოს „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ გადასცა

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის მთავრობამ საქართველოს სანაპირო დაცვას „აილენდის“ კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა.

ხომალდების გადმოცემის ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსშესანიშნავ თარიღს და ვზეიმობთ ორ ღონისძიებას. დღეს სრულდება 20 წელი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან და დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის მიერ საქართველოს გადმოეცემააილენდისკლასის ორი ხომალდი. მინდა, პირველ რიგში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას მივულოცო. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მისი ღვაწლისთვის, რომელსაც ის ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის და განსაკუთრებით სანაპირო დაცვის მიმართულებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე რთული იქნება საზღვაო უსაფრთხოების დაცვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხომალდების – ოჩამჩირეს და დიოსკურიას პირად შემადგენლობას მიმართა:

გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ, რომ დღეიდან თქვენი ღირსეული წვლილი შეიტანოთ საქართველოს და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში, ამ ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობის განმტკიცებაში”.

ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საქართველოსა და აშშ- შორის ურთიერთობა და პარტნიორობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. შავი ზღვა მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში აუცილებლად შეასრულებს განსაკუთრებულ როლს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენ მეგობრებს ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

როგორც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამერიკის დახმარება ამ ხომალდების გადმოცემით არ დასრულდება.

ვაფასებთ თქვენს არჩევანს. ამ ხომალდების გადასაცემად უკეთეს ქვეყანას ვერ ავარჩევდით. ჩვენი დახმარება ამ ხომალდების გადმოცემით არ დასრულდება, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების მხარდაჭერას, უზრუნველვყოფთ სწავლებებს და საზღვაო-ოპერაციული ცენტრის მხარდაჭერას”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სანაპირო დაცვის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამკერდე ნიშნებით 10 თანამშრომელი დააჯილდოვა. ხომალდების გადმოცემის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მინისტრის მადლობის სიგელები გადაეცათ აშშ-ის სანაპირო დაცვის და საელჩოს თავდაცვის მიმართულების მენეჯერებს.

„აილენდის“ კლასის ხომალდები – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ გამორჩეულია თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების სანავიგაციო და კავშირგაბმულობის სისტემებით.

აღნიშნული ხომალდები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის ოპერაციულ შესაძლებლობებს, გაზრდის ქვეყნის სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხს, ამასთან, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო საზღვაო მისიებსა და შავი ზღვის აუზის პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელ პროგრამებში მონაწილეობა მიიღოს.

ხომალდების ეკიპაჟის წევრებმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური 10-კვირიანი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიმორის სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიარეს. აშშ-ის მთავრობის მიერ სადარაჯო მცურავი საშუალებების გადმოცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.