პოლიტიკა
საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი - ჯონათან კაცი

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ვაშინგტონში, აშშ-ის გერმანიის მარშალის სახელობის ფონდში (German Marshall Fund of the United States/GMFUS), საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა, სახელწოდებით – Keeping Georgia’s Euroatlantic Future on Track, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გერმანიის მარშალის სახელობის ფონდის წარმომადგენელი ჯონათან კაცი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან საკუთარ გამოსვლაში საქართველოს მნიშვნელობა აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა საქართველოში ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან ვიზიტებს, მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში, რაც, ჯონათან კაცის თქმით, კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ მტკიცე ურთიერთობებს.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან მოყოლებული, საქართველოში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი, მათ შორის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის თბილისში ვიზიტი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვეს მიტჩელისა და ნატოს თავდაცვის მინისტრების უაღრესად პოზიტიური შეხვედრები საქართველოში; თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში ძალზე წარმატებული იყო, რომელმაც კიდევ უფრო განამტკიცა ორმხრივი ურთიერთობები ვაშინგტონთან. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით, განსაკუთრებით კი ნატოში ინტეგრაციის კუთხით. ერთ დღეს საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ქვეყანა ასევე ატარებს დემოკრატიულ რეფორმებს, რასაც საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ექნება“, – განაცხადა ჯონათან კაცმა.

მისი თქმით, მაღალი დონის ვიზიტები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. მისი განცხადებით, წარმატებებთან ერთად ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე, განსაკუთრებული საფრთხე კი რუსეთის მხრიდან წარმოებულ პოლიტიკას უკავშირდება. მისი თქმით, ის არაერთხელ დარწმუნდა იმ წარმატებული რეფორმების შედეგებში, რომლებიც საქართველოში განხორციელდა.

მარშალის სახელობის ფონდში გამართულ ღონისძიებას აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საქართველოდან ვიზიტით მყოფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.