პოლიტიკა
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ნატოს ეყოფა გონიერება, არ დაუშვას მესამე მსოფლიო ომი და ღიად პროვოკაციულს უწოდებს უკრაინაში, საქართველოსა და შავ ზღვაში ნატოს წვრთნებს

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ ნატოს ეყოფა გონიერება, არ დაუშვას მესამე მსოფლიო ომი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ნორმალური დიალოგის გარეშე არაგანზრახული ინციდენტების რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ვფიქრობ, ყველას ეყოფა გონიერება, აქამდე არ მიიყვანონ საქმე, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან გვაშფოთებს რუსეთისა და ნატოს სამხედროებს შორის რამე სახის პროფესიული დიალოგის არარსებობა“, – განაცხადა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ გაიმართა, ამასთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთსა და ნატოს შორის თანამშრომლობის ყველა სხვა ფორმა პრაქტიკულად გაყინულია, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვსა და ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს კერტის სკაპაროტის შორის პერიოდული სატელეფონო კონტაქტები საკმარისი არ არის.

ამასთან, სერგეი ლავროვმა ღიად პროვოკაციული უწოდა უკრაინაში, საქართველოსა და შავ ზღვაში ნატოს წვრთნებს.

სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ნატოს უარი რუსეთთან დიალოგზე აშშ-ის გავლენით არის განპირობებული, რომელმაც სანქციების ფარგლებში პენტაგონს რუსეთთან კონტაქტი აუკრძალა.