პოლიტიკა
დღეს, 22 თებერვალს, საქართველოში ჩამოვიდა ევროპის საბჭოს გენერალური სამდივნოს დელეგაცია, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს მთავრობისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ამ მონიტორინგის მისიას ხელმძღვანელობს დემოკრატიისა და პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორი ჟან ლუი ლორანი. ვიზიტის მიზანია – მომზადდეს მოხსენება საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრებისას ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის ხელმძღვანელს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს როგორც ხელისუფლების, ისე საპარლამენტო ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ძირითადად განიხილება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, უპირველეს ყოვლისა კი, სასამართლო სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციონირება.
ევროპის საბჭოს გენერალური სამდივნოს ამ მისიის ვიზიტი 24 თებერვლამდე გაგრძელდება.