პოლიტიკა
პიტერ სემნები ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას

Semneby5-წლიანი მუშაობის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლეს პიტერ სემნებს მანდატი ეწურება. სემნების უფლებამოსილება 28 თებერვალს მოეხსნება.

სამუშაო მანდატის ამოწურვამდე ევროკავშირის წარმომადგენელმა თბილისში გამოსამშვიდობებელი პრეს–კონფერენცია გამართა და ხუთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

როგორც ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, ბოლო წლებში გამოვლილი მძიმე პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, საქართველომ ჯანსაღ მდგომარეობაში დაბრუნება შეძლო.

"ნებისმიერი არჩევნები ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში და ამ მიმართელებით ჯერ კიდევ არის რეზერვები. ის მოლაპარაკებები კი, რომელიც მიმდინარეობს ოპოზიციასთან, მისასალმებელია", – აღნიშნა მან.

"ბოლო ხუთი წელი საქართველოსთვის რთულიც იყო და შედეგიანიც. ყველაზე რთული აგვისტოს ომი იყო და შიდა პოლიტიკური პროცესები, რომელიც 2007-2009 წლებში მოხდა. მაგრამ დღეს საქართველო უფრო ჯანსაღ მდგომარეობაშია. ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობის ახალი ეტაპი, მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ”, – განაცხადა პიტერ სემნებიმ.