უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი - სრულ აგონიაში არიან, რადგან იციან, კიდევ სხვა ჩანაწერები მოდის

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უახლოე ხანში ახალი ჩანაწერები გამოქვეყნდება. ამის შესახებ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის გახსნის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ამ დადგმაში როგორ არის – კუდ-ის ვიღაც ორი თანამშრომელი ამბობს, სააკაშვილი ამბობსო. 2007-ში კუდ-ის ორი თანამშრომელი გვარით არასოდეს მახსენებდა, რაც უნდა მომხდარიყო იტყოდნენ – პირველმა, პრეზიდენტმა, საკაშვილმა? ვინც მუშაობდა სისტემაში ეს ხომ კარგად იცის, გარდა იმისა, რომ ასეთ დავალებებს არ იღებდნენ, რა თქმა უნდა.

სრულ აგონიაში არიან. მე სულ ვფიქრობდი, რომ ეს საოცრება სასწაული ზურაბიშვილი როგორ დააყენა კანდიდატად, ამან როგორ უნდა გაიმარჯვოს. თურმე, ივანიშვილს თავისი იაფფასიანი, ბებიის სკივრიდან ამოღებული ტრიუკების იმედი ჰქონდა, მართლა ყველა დებილი ჰგონია. ძალიან მარტივია, აგონიაში არიან. ეს ხალხი, ვინც ალბათ ჩაწერეს ამ ორიოდე დღის წინ, რადგან იმიტომ, რომ იციან, კიდევ სხვა ჩანაწერები მოდის, ყველა ზის ციხეში. იქ, სადაც ბიზნესმენები დაჰყავთ სარდაფში, ციხეში მყოფ ადამიანს რასაც გინდა, იმას ჩააწერინებ. ივანიშვილი ახლა იმყოფება სრულ ჩოქბჯენში, არ უნდა მივცეთ საშუალება, იქიდან ადგეს, უნდა მოვუმთავროთ საქმე. მთავრდება ყველაფერი 28-ში, მისი ბოგინი, სიცრუის ტყუილების განუვითარებლობის, გაღატაკების ქურდობის ეპოქა მთავრდება, ბანდიტიზმის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2“-თან საუბარში.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გაიხსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

1tv.ge